ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ფეხმძიმე მესანთლე გოგონას ოჯახს საკუთარი ბინა დაუთმო?
ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ფეხმძიმე მესანთლე გოგონას ოჯახს საკუთარი ბინა დაუთმო?

A+ A-

19:53 15/03/2019

ახალგაზრდა წყვილს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, ქართველმა ემიგრანტმა სოსო მამარდაშვილმა საკუთარი ბინა დაუთმო.

თოქ-შოუ "პროფილში“ გუშინ გასული სიუჟეტის შემდეგ, სადაც ახალგაზრდა წყვილი დახმარებას ითხოვდა, ქართველმა ემიგრანტმა, სოსო მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მზად არის წყვილს საკუთარი ბინა დაუთმოს.

"მზად ვარ, ამ ადამიანებს დავეხმარო და ბინის ქირის გარეშე იცხოვრონ ახლადგარემონტებულ ბინაში. მე საქართველოში არ დავბრუნდები რამდენიმე წელი. უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! ლამაზი ოჯახი, რომელიც ამდენი წელი არ დაინგრა, აი, ეს არის სიყვარული! მე მზად ვარ, ამ ლამაზ სიყვარულს, ამ ლამაზ ოჯახს დავეხმარო", - წერს მამარდაშვილი სოციალურ ქსელში.

"2020NEWS"-მა გაარკვია, რომ ბინა, რომელსაც ახალგაზრდა წყვილს სოსო მამარდაშვილი სთავაზობს, დედოფლისწყაროში მდებარეობს. "არ ვიცი წავალთ თუ არა დედოფლისწყაროში საცხოვრებლად, ჯერ არ გადაგვიწყვეტია. ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს ექიმებთან კონსულტაცია. ყველა შემთხვევაში, ძალიან მადლიერი ვარ იმ ადამიანის, რომელმაც საკუთარი საცხოვრებელი სახლი შემოგვთავაზა", - განუცხადა "2020NEWS"- ს ნინო მაისურაძემ.

ცნობისთვის, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ამჟამად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და ქირის გადახდას ვერ ახერხებს. ისინი უსახსრობის გამო, ნესტიან ოთახებში გათბობას ვერ რთავენ და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, გაუსაძლის სიცივეში არიან. ახალგაზრდა ოჯახი მეორე ბავშვს ელოდება.

"15 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი. დედამ სახლიდან გამომაგდო, რადგან გაიგო, რომ მას ვაკოცე. მერიდება, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ დედა ჩემზე ფიზიკურად ძალადობდა. პატარა და მყავს, იმას ნაკლებად სცემდა, რადგან ფილტვების პრობლემა აქვს. დედამ ჩემი დაც გააგდო სახლიდან და ის ახლა მამასთან ცხოვრობს. დედა მეცოდებოდა და მის საქციელს სოციალურ მუშაკებთან ვმალავდი. არ მინდოდა მარტო დარჩენილიყო. ამიტომ, მალევე გავთხოვდი. მინდადა უკეთესი საცხოვრებელი პირობები მქონოდა. თუმცა, ჩემი ოცნება ოცნებად დარჩა. ახლა უფასო სასადილოში ვჭამთ და რუსთაველის მეტროსთან სანთლებს ვყიდი. ცალი ხელით სანთლებს ვყიდი და ცალი ხელით ბავშვი მიჭირავს. რამდენიმე თვეა ქირით ვცხოვრობთ, შეშის ღუმელით ვთბებით. შეშაც ხან გვაქვს და ხან არა. მეორე შვილს ველოდები და ასეთ სიცივეში ალბათ, მეორე ზამთარს ვეღარ გადავიტან. ძირითადად ბავშვის საკვებზე ვნერვიულობ. ჩემი ოცნებაა, საკუთარი ჭერი მქონდეს და არავინ მითხრას ადექი და წადიო", - ამბობს ნინო მაისურაძე.

შეგახსენებთ, "პროფილში“ გუშინ გასული სიუჟეტის შემდეგ, ახალგაზრდა წყვილს კეთილმა ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი დაუთმო.