რუსმა ჯარისკაცებმა დღეს დაკავებული ტერიტორია დატოვეს
რუსმა ჯარისკაცებმა დღეს დაკავებული ტერიტორია დატოვეს

A+ A-

×

20:03 15/03/2019

 დღეს დღის მეორე ნახევარში სოფელ ხურვალეთში  მოულოდნელად სიტუაცია დაიძაბა. სამოქალაქო აქტივისტმა დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოკუპანტები სოფელში შევიდნენ და საზოგადოებას მობილიზებისკენ მოუწოდა.

,,ხურვალეთიდან გვატყობინებენ, რომ რუსები შემოვიდნენ სოფელში!!! ჩვენ მივდივართ ხურვალეთში!!!! სასწრაფოდ გაავრცელეთ,'' - დაწერა დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელში.

 ,,SOS ვითხოვთ შველას! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს.მოგვხედეთ, გვიშველეთ.!ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან. მოსახლეების ეზოებში'',-  ქაცარავამ სოციალური ქსელით ვიდეო-მიმართვა გაავრცელა.

 ხურვალეთში მომხდარ ამბავს გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მათ არ დაადასტურეს ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, – ამის შესახებ "2020NEWS“-ს სუს-ში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით,  ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით გადამოწმდა, ასევე , ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ყველა საერთაშორისო პარტნიორს.

 „არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან. საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – განუცხადეს "2020NEWS“-ს სუს-ში.

თუმცა, სუს-ის განცხადების პარალელურად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთის მაცხოვრებლების ამბობდნენ, რომ რუსი სამხედროები საოკუპაციო ხაზთან დამონტაჟებულ კოშკურასთან იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის, სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟების მიზნით, სამუშაოები ხურვალეთთან 6 თებერვალს დაიწყო.

 ვითარებით გასარკვევად, ხურვალეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შევიდა. ოდნავ მოგვიანებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში განაცხადეს, ხურვალეთში ბორდერიზაციის აქტივობის ნიშნები არ შეინიშნებოდა. „ახალი ბორდერიზაციის აქტივობების ნიშნები არ ჩანს. ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი, ამოქმედებულია, რათა კომუნიკაცია უზრუნველყოფილი იყოს“, – დაწერა „ტვიტერზე“ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგმა.

დე-ფაქტო ცხინვალი მომხდარს გამოეხმაურა და დავით ქაცარავასა და მისი თანამოაზრეების ჩანაფიქრი  პროვოკაციად შეაფასა.

ხურვალეთში მომხდარი ამბების გამო, დავით ქაცარავა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს სოციალურ ქსელში.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცოტნე გამსახურდიას შვილმა მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დავით ქაცარავას ლანძღვას ჯობია კლავიატურიდან ერთი ადგილი აწიონ და საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. „გონივრულად და მშვიდად უნდა შევხვდეთ პერიოდულ მავთულხლართების გავლებას, არც უიარაღო პროტესტი არ უნდა იყოს და იარაღიანი ხომ - მითუმეტეს. და თუ ვინმეს არ გჯერათ და არ იცით რა ხდება, ერთხელ მაინც აიღეთ ტრაკი კლავიატურიდან და ჩაბრძანდით საოკუპაციო ხაზთან, აქ რომ "საზღვარს" უწოდებთ! მართლა გულისამრევია ეს ჭიჭყინი“, - წერს ცოტნე გამსახურდია.

ნანუკა ჟორჟოლიანი კი დარწმუნებულია, რომ სუს-ი დიდი მონდომებით შეეცდება, პროვოკაციის მოწყობა დათო ქაცარავას დააბრალოს. „როგორც ვატყობ სუსი დიდი მონდომებით შეეცდება პროვოკაცისს მოწყობა შეტენოს დათოს და ქალბატონ ლუდას. ეგ რამდენიმე საათიანი “ტრიუკი” არც გაბედოთ. მაინც გაირკვევა რა ხდება სინამდვილეში ახლა ხურვალეთში. და გორის მერი, რომელიც ამბობს, მანდ საზღვარი არაა და რუსებს გონიათ საკუთარ ტერიტორიაზე არიანო დააბით ხურვალეთის ტყეში. რუსებთან ახლოს“, - წერს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები, - ამის შესახებ სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების გამოჩენის საკითხზე კომენტირებისას სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. ქეთევან ციხელაშვილმა ყველას მოუწოდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებას მაქსიმალურად სიფრთხილით მოეკიდონ. „მინდა მოგაწოდოთ ბოლო ინფორმაცია ხურვალეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები. ასევე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელეს განცხადებები, რომ არ დაფიქსირებულა ინციდენტი მათი გადმოსვლის, წვდომის ან რაიმე ტიპის დამატებითი ბარიკადების მშენებლობის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მე მინდა ვთხოვო ყველას, მათ შორის მედიას, ვიყოთ მაქსიმალური სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით აღჭურვილი, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ამ მოცემულობაში, როდესაც ტერიტორიები არის ოკუპირებული. საუბედუროდ, დგანან რუსი ჯარისკაცები და თქვენ იცით, რომ ამ პირობებში ჩვენი ამოცანა არის თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი პროვოკაცია“, - განაცხადა დღის ბოლოს ქეთევან ციხელაშვილმა.