პარიზის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
პარიზის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

A+ A-

11:06 19/03/2019

ყვითელჟილეტიანების აქციებზე უსაფრთხოების ზომების არასათანადოდ დაცვის გამო, პარიზის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა მიიღო. მისი თქმით, პოლიციის მიერ შემუშავებული სტრატეგია ჩავარდა.

ასევე საფრანგეთის ხელისუფლების განკარგულებით, დემონსტრაციების გამართვის წესები გამკაცრდება. კერძოდ, ყვითელჟილეტიანებს არ ექნებათ უფლება, მიტინგი ელისეის მინდვრებზე გამართონ. ამავე დროს, პოლიციას მოქმედების მეტ თავისუფლებას მისცემენ, რაც იმას ნიშნავს, რომ აქციების დროს სამართალდამცველებს კანონდამრღვევების დაუყოვნებლივ დაკავების უფლება ექნებათ.

16 მარტს, შაბათს პარიზში გამართული აქციების დროს ყვითელჟილეტიანებმა რამდენიმე მაღაზია დაარბიეს, დაზიანებულია ტრიუმფალური თაღიც.