აზერბაიჯანის ელჩი – ერევანი აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორიაა და პრეზიდენტმა ამ ფაქტის ციტირება მოახდინა
აზერბაიჯანის ელჩი – ერევანი აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორიაა და პრეზიდენტმა ამ ფაქტის ციტირება მოახდინა

A+ A-

12:34 19/10/2018

უკრაინაში აზერბაიჯანის ელჩი აზერ ხუდიევი აცხადებს, რომ ერევანი აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორიაა და პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ამ ფაქტის ციტირება მოახდინა.

“სახელმწიფოს მეთაურმა იმ ფაქტის ციტირება მოახდინა, რომელიც ისტორიული სიმართლეა. ერევანი აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილია, თუმცა 1920 წლიდან, როდესაც საბჭოთა ბოლშევიკები მოვიდნენ ტერიტორიის დასავლეთ ნაწილი აზერბაიჯანს აღარ ეკუთვნის და დღემდე როგორც ხედავთ, აგრესია და ჩვენი მიწების ოკუპაცია გრძელდება იმის მიუხედავად, რომ დიდი დრო გავიდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ ცუდი იურიდიული მემკვიდრეობა გვერგო, ეს არის სეპარატიზმი, აღმოვჩნდით აგრესიის წინაშე მეზობელი სომხეთის მხრიდან ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ არანაირი პრეტენზიები და პრობლემები არ გვაქვს სხვა მეზობლებთან. ერთადერთი ჩვენი მეზობელი სომხეთია, რომელიც პრეტენზიებს გვიყენებს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ დროდადრო საქართველოსაც, ჯავახეთზე, სადაც ისინი კომპაქტურად ცხოვრებენ, ამბობენ, რომ სომხეთის ნაწილი უნდა იყოს.

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, მაშინ სააკაშვილმა შეუშალა ხელი კონფლიქტის წარმოქმნას. როგორც ახლა უჭერს მხარს მსოფლიო უკრაინას სეპარატიზმთან ბრძოლაში, ისევე რომ ემოქმედა ადრეც, არ იქნებოდა პრობლემა არც დნესტრისპირეთში, არც ე.წ. სამხრეთ ოსეთში და არც თავად უკრაინაში.

სეპარატიზმის გამოვლინების აღმოსაფხვრელად რადიკალური ზომების მიღებაა საჭირო. აზერბაიჯანი 25 წელზე მეტია, ებრძვის სეპარატიზმს, ზარალდება ტერორიზმისა და სეპარატიზმისგან, ვიმედოვნებთ, სომხეთი მშვიდობიან გზას დაუბრუნდება, როგორც იცით, იქ ახლა არჩევნებია და იმედია, მოიძებნება ისეთი ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც გამოიჩენს მამაცობას და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდება, მიწა სამშობლოა, სამშობლოა დედა და დედას კი არ აჩუქებენ”, – განუცხადა Front News International-ს ელჩმა კიევში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 8 თებერვალს მმართველი პარტიის რიგით მე-6 ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობის პოლიტიკური და სტრატეგიული ამოცანა ერევნის დაბრუნებაა, რომელიც აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორიაა.