მშენებლობაზე სადაც ორი მუშა დაიღუპა, უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო - ჯანდაცვის სამინისტრო
მშენებლობაზე სადაც ორი მუშა დაიღუპა, უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო - ჯანდაცვის სამინისტრო

A+ A-

×

11:24 01/04/2019

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის წინასწარი შეფასებით ჭავჭავაძის გამზირზე #5-ში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, ობიექტზე ფიქსირდება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა.

ცნობისთვის, მშენებარე ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მაშველებმა მიწის მასიდან 25 წლის კაცის ცხედარი მალევე ამოიყვანეს, მეორე ცხედრის სამძებრო სამუშაო 8 საათი გაგრძელდა. ორივე კაცი მიწის რვამეტრიანი მასის ქვეშ იყო მოყოლილი. არსებული ინფორმაციით, მიწა იქ ჩამოიშალა, სადაც საძირკველი იყო გაჭრილი. მომხდარის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე "შპს ლეჩკომბინატი N 1"-ის დაკვეთით, კომპანია "ტრანსმშენი“ აწარმოებს. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, დაღუპული მუშების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. როგორც მინისტრმა განაცხადა, მომხდარი დეტალურად იქნება გამოძიებული და მიიღებენ შესაბამის ზომებს, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ მოხდეს.

შეგახსენებთ, „დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ“, - ამ ლოზუნგით დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება. ქვეყანაში შრომის უფლებებისა და შრომითი უსაფრთხოების სტანდარტებს, სამოქალაქო აქტივისტები 19:00 საათზე გააპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორია „სოლიდარობის ქსელი“.