ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია

A+ A-

19:25 05/04/2019

საქართველოს პარლამენტის სესიაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მოხსენებით გამოდის. დღეს ის , ძირითადად,   საბანკო რეგულაციებსა და „თიბისი ბანკის” საქმეს შეეხო. გვენეტაძემ დეპუტატებს სესხებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მოსახლეობის დაკრედიტების ზრდის ტემპი ეტაპობრივად მდგრად დონეს მიაღწევს.

„საერთაშორისო კვლევების მიხედვით, სესხის მომსახურების 40%-ზე მაღალი კოეფიციენტი მნიშვნელოვნად ზრდის მსესხებლის მოწყვლადობას. ასევე, საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე დაკრედიტების ბიზნესმოდელი მსესხებელთა დიდი ნაწილის ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს და ფინანსური სტაბილურობის რისკებს ზრდის. სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში უფრო რბილი მიდგომაა შემოსავლის დადასტურებასთან დაკავშრებით, კერძოდ, ბანკებს უფლება აქვთ რეგულაციამდე არსებული პრაქტიკის მსგავსად შემოსავალში გაითვალისწინონ არაფორმალური სექტორიდან მიღებული შემოსავლები, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათია. ჩვენს მიერ გატარებულმა ცვლილებებმა გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო. სახეზეა იპოთეკური სესხების პორტფელის ხარისხის გაუმჯობესება, რაც კარგად ჩანს სესხის მომსახურების შემცირებულ კოეფიციენტებში. საგულისხმოა, რომ ახალგაცემულ იპოთეკურ სესხებში მკვეთრად გაზრდილია ლარის წილი, რაც მოსახლეობის მეტ დაცულობას უზრუნველყოფს. ასევე, აღარ გაიცემა შემოსავალთან არაპროპორციულად მაღალი ტვირთის მქონე სესხები, რომლებიც მოსახლეობისთვის ფინანსური პრობლემების მთავარი წყარო იყო. ამის შედეგად, მოსახლეობის დაკრედიტების ზრდის ტემპი ეტაპობრივად მდგრად დონეს მიაღწევს“, - განაცხადა გვენეტაძემ.

თავის გამოსვლაში გვენეტაძემ აქცენტი გააკეთს იმ გარემოებაზე ,რეგულაციების შემოღებამდე, რა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მოქალაქეები. „საზოგადოებას შევახსენებ,  რა მძიმე მდგომარეობა იყო რეგულაციების შემოღებამდე ფიზიკური პირების არაჯანსაღი დაკრედიტების კუთხით. ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ და სხვადასხვა კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების სრულიად უპასუხისმგებლო ე.წ. „მტაცებლურმა", აგრესიულმა დაკრედიტებამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. 700 ათასი მოქალაქე უკვე გადახდისუუნარო აღმოჩნდა. გარდა ამისა, ასი ათასობით ადამიანს მის შემოსავალთან შედარებით არაადეკვატურად მაღალი სესხები გააჩნიათ. ვიღებთ ძალიან ბევრ წერილს მოქალაქეებისგან, რომლებმაც უძრავი ქონება დაკარგეს ან დაკარგვის რისკის ქვეშ არიან გაუთვითცნობიერებლად მიღებული გადაწყვეტილებების გამო”, - განაცხადა გვენეტაძემ.

სიტყვით გამოსვლისას, კობა გვენეტაძემ აღნიშნა, თიბისი ბანკი აქციონერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით იცრუეს. კობა გვენეტაძის თქმით, თიბისი ბანკის აქციონერებმა განაცხადეს, რომ 2008 წელს ბანკიდან ნასესხები თანხით სააქციო კაპიტალი გაიზარდა. გვენეტაძე ამბობს, რომ ამ წელს ბანკის კაპიტალი არ გაზრდილა და თუ ეს მართლა გააკეთეს, კანონმდებლობა დაარღვიეს:

• დაირღვა ინტერესთა კონფლიქტის დებულება;

• როგორც 2008-ში, ისე ახლაც ბანკიდან მიღებული სახსრებით ბანკებს თავისი კაპიტალის ზრდა ეკრძალებათ;

• ამ ოპერაციას გავლენა ექნებოდა ბანკის მინორიტარი აქციონერების წილობრივ საკუთრებაზე, კერძოდ შემცირდებოდა აქციონერების საკუთრება. როგორც გვენეტაძე განმარტავს თიბისი ბანკის თავისი აგრესიული საკრედიტო პოლტიიკის გამო 2008 წელს რისკის ქვეშ დადგა.

„სინამდვილეში 2007 წელს ბანკის პორტფელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ადვილად გადამოწმებადია. უფრო მეტიც, არსებული სტატისტიკური ინფორმაციით, ბანკის მიერ აგრესიული პოლიტიკის გატარებით მისი ბაზრის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბანკის საკრედიტო დაბანდება 2006 წლის ბოლოს 594 მილიონი ლარი, ხოლო 2007 წლის ბოლოს 1,173 მილიონი ლარი იყო, ანუ, პორტფელი ერთ წელიწადში თითქმის გაორმაგდა. ამ პერიოდის განმავლობაში ბანკი ჯიუტად არღვევდა კაპიტალის კოეფიციენტს და მიუხედავად იმისა, რომ კოეფიციენტი ჩამორჩებოდა მაშინდელ მოთხოვნებს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ბანკი კვლავ განაგრძობდა პორტფელის სწრაფ ზრდას მშენებლობის და სხვა პროციკლურ სექტორებში, რის გამოც 2008 წლის ომისა და კრიზისის დროს ბანკი მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დადგა, რისი მიზეზიც ბანკის აგრესიული საკრედიტო პოლიტიკა იყო“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

ახალი რეგულაციებით ბანკებმა ისარგებლეს, დანარჩენი ბიზნესი კი, კოტრდება -ამის შესახებ “2020news”დამოუკიდებელმა დეპუატმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა და ასე შეაფასა გვენეტაძის გამოსვლა. „საბანკო რეგულაციები იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ რეალურად არაპროფილური საქმიანობა აიკრძალოს, რომ ფული ბიზნესისთვის გახდეს ხელმისაწვდომი, ადამიანების დასაქმებისთვის. გავაკეთეთ ის, რომ ბანკირებმა ისარგებლეს და ვინც ბანკირი არ არის, ის კოტრდება . საბოლოო ჯამში, მივიღებთ დამახინჯებულ ეკონომიკას“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

გვენეტაძის გამოსვლის კი საფინანსო კომპანია“საქართველოს“ დაზარალებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს.დაზარალებულების თქმით, საფინანსო კომპანია "საქართველოს" თაღლითურ სქემაში, ჩართულია ეროვნული ბანკი, პარლამენტი, პროკურატურა და სხვა ინსტიტუტები. „როდემდე უნდა გაგრძელდეს ქართველი მოქალაქეების ძარცვა? ჩვენ არ დავტოვებთ საქართველოს, ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს თანხებს! როგორც გირგვლიანის თემა იყო სააკაშვილის მთავრობისთვის გარდამტეხი, ასევე იქნება ეს საქმე არსებული ხელისუფლებისთვის, თუ არ მოგვხედავენ, ჩვენ დავიწყებთ ბიძინა ივანიშვილის სახლთან შიმშილობის აქციას და შევუერთდებით ტაქსის მძღოლების აქციას და დავიბრუნებთ ჩვენს კაპიკებს", - განაცხადა დაზარალებულმა ლიკა ლომთათიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოს შიგნით ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია, ერთმანეთს ორი დეპუტატი შოთა ხაბარელი და ლევან გოგიჩაიშვილი დაუპირისპირდნენ.