"მთავარი ეშმაკი ლურჯ კოსტიუმშია გამოწყობილი და სოლოლაკის მთაზეა შემოსკუპებული"
"მთავარი ეშმაკი ლურჯ კოსტიუმშია გამოწყობილი და სოლოლაკის მთაზეა შემოსკუპებული"

A+ A-

×

18:59 08/04/2019

ცხრა აპრილამდე ერთი  დღით ადრე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა  ღია წერილი გაავრცელა. ყოფილი პრემიერი 1989 წლის 9 აპრილიდან დღემდე ქვეყნის მიერ განვლილი გზა შეაფასა და შედეგები შეაჯამა. ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ „წარსულში მიბრუნება დღეს სრულიად წარმოუდგენელია“.

მისივე თქმით, ქაოსის მსურველი ძალები, სარგებლობენ რა „ქართული ოცნების“ მიერ დამკვიდრებული დემოკრატიული ინსტრუმენტებით და ეკონომიკურ პრობლემებზე სპეკულირებით, „კვლავ ფიქრობენ რევანშზე, ცდილობენ დაგვაბრუნონ 90-იანი წლების სიბნელეში და დღესაც, მათი მთავარი და მათი მთავარი დასაყრდენი კვლავ რაციონალიზმზე გამარჯვებული ემოციებია“.

მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური წარსულისა, დღეს მოქალაქეები ისევ ერთი მიზნისთვის უნდა გავერთიანდეთ.

ეს არ ნიშნავს მეხსიერების წაშლას, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მიეტევოს ჩადენილი დანაშაული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ „ეშმაკი ყოფს“ და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს, ვკითხულობთ ყოფილი პრემიერის წერილში.
ბიძინა ივანიშვილის წერილს ერთ-ერთი პირველი თბილისის  ყოფილი მერი გიგი უგულავა გამოეხმაურა.

როგორც გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილმა „ძლივს აღიარა“, რომ ქვეყანა „ეკონომიკურ კოლაფსშია“ და მას ამ საკითხში ეთანხმება.
„ვეთანხმები ივანიშვილს- ეშმაკი ყოფს! და ვინ თუ არა თვითონ ღვარძლის, ბოღმის და შურისძიებით დაყო ქვეყანა. გააჩინა ამოუვსები ნაპრალები საზოგადოებაში. მთავარი ეშმაკის ფეხი თავადაა“!

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს გამოეხმაურა  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ეშმაკი უწოდა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი მიცვალებულებით სპეკულირებს.  გარდა ამისა  „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ღია წერილი, რომელიცბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელდა, მისი დაწერილი არაა.

„ხან ზვიად გამსახურდიათი სპეკულირებს, ხან მისი პირადი მტრით, ბადრი პატარკაციშვილით, ხან ზურაბ ჟვანიათი, ახლა მიადგა 9 აპრილს დაღუპულ ჩვენს გმირებს. ამ წერილში ნათქვამია ეშმაკზე, რომელიც თიშავს. ახლა მინდა გკითხოთ საღად მოაზროვნე ქართველებს - აბა გამოიცანით რა შეიძლება ერქვას იმ არსებას, ვინც 9 აპრილის ჯალათს ლებედს მუდმივად აფინანსებდა მრავალი წლის განმავლობაში, 9 აპრილის შემდეგ?! შეიძლება ეშმაკი ეწოდოს ხო? რა ქვია იმ ადამიანს, ვინც საქართველოს ეკონომიკური ზრდა შეაჩერა? შემთხვევით ეშმაკის ხელი ხომ არ ურევია ამაში? რა ქვია იმ ადამიანს, ვინც ჩაიგდო საქართველოში ყველა ბიზნესი ხელში, გახდა საქართველოს პრაქტიკულად მთავარი მევახშე, ყველა ბანკი პრაქტიკულად მის ხელშია, ასობით ათასი ქართველი გააკოტრა და მილიონამდე ქართველი გააგდო ქვეყნიდან, შემთხვევით ეშმაკი ხომ არა? რა ქვია იმ არსებას, ვინც რომან შამათავას ალპობს ციხეში, იმ დროს როცა აფხაზეთში ხალხს გვიხოცავენ, ვინც ციხეში ჩასვა 2008 წლის ომის გმირები ფარული ჩანაწერების ჩადებით. ბოლოს და ბოლოს ვინ იქცევა ეშმაკივით? შემთხვევით ის არსება ხომ არა, რომელიც ხეებს ჯერ გლეჯს, ანადგურებს? შემთხვევით ეშმაკი 1 მეტრი და 65 სანტიმეტრი ხომ არ არის სიმაღლეში, ლურჯ კოსტუმებს ხომ არ იცვამს, სოლოლაკის მთაზე ხომ არ არის წამოსკუპებული და ხომ არ დაყურებს ხალხს ზემოდან“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი  ვიდეომიმართვაში, რომელიც "ფეიბუქის" ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ჩვეული იუმორით გამოეხმაურა.

“მომძღვნელმან ჩვენის პურისა და სარჩოსი, მამამან ჩვენმან, უსათნოესმან და უკეთილესმან, რომელ არს ბიძინა, იცოცხლოს მარადჟამს. მისმა ეპისტოლემ სულ სხვა პრიზმაში დაგვანახა 9 აპრილის მნიშვნელობა. მის გარეშე ამას ჩვენით ხომ ვერ მივხვდებოდით. რაც დრო გადის ვრწმუნდები, რომ ჩვენი მომდევნო პატრიარქი ბიძინა უნდა იყოს”, - წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

ოპოზიციონერი დეპუტატის  რომან გოცირიძის განცხადებით კი,  ივანიშვილი ისტორიული ფაქტების დამახინჯებას და სათავისოდ მორგებას ცდილობს.

„ეს წერილი არის ისტორიის დამახინჯებული შეფასება. მთელი მისი სულისკვეთება არის ერთ ფრაზაში - ეს არის სიტყვა „დაველოდოთ“ და „მოვითმინოთ“. თურმე უნდა მოვითმინოთ. შვიდი წელი ხომ ითმენდა ხალხი სიღატაკეს და უსამართლობას და კიდევ 2030 წლამდე, ვიდრე ივანიშვილი ცოცხალი იქნება, უნდა მოვითმინოთ თურმე ეს დამყაყებული ვითარება“, - აცხადებს გოცირიძე.

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილისადმი მიძღვნილი წერილი გამოაქვეყნა, სოციალურ ქსელში "მწერალ" ბიძინა ივანიშვილის ფოტო გამოჩნდა.

სოციალური ქსელის მომხმარებლები ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის წერილს აქტიურად განიხილავენ. ზოგიერთი ინტერნეტმომხმარებელი წერს, რომ ივანიშვილი "მგოსანია".

ბიძინა ივანიშვილს, მისივე ყოფილმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა, წერილის გაცნობის შემდეგ, ლექსების წერა ურჩია.

“ივანიშვილს თუ უნდა, რომ ხალხს უყვარდეს, ჯობს, წერილების ნაცვლად, ლექსების წერა დაიწყოს”, - აცხადებს ხუხაშვილი.

ცნობისათვის, ბიზნესმენმა ბიძინა ივანშვილმა, მას შემდეგ რაც დიდ პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, დღეს მეხუთე ღია წერილი გამოაქვეყნა.