ეკას ამოცნობა შეუძლებელი იყო.. მხოლოდ მეორე დღეს იპოვეს.. – 9 აპრილს დაღუპული ყველაზე პატარა გმირის ისტორია
ეკას ამოცნობა შეუძლებელი იყო.. მხოლოდ მეორე დღეს იპოვეს.. – 9 აპრილს დაღუპული ყველაზე პატარა გმირის ისტორია

A+ A-

×

11:34 09/04/2019

30 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის საშინელი ტრაგედიიდან, როცა რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარის ნაწილებმა ,ნიჩბების, მხუთავი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სასტიკად დაარბიეს. 16 ადამიანი, ძირითადად, ქალები ადგილზე დაიღუპა, 4 მოგვიანებით ,საავადმყოფოში გარდაიცვალა. მათ შორის  ყველაზე პატარა, 16 წლის ეკა ბეჟანიშვილი იყო.

აქციაზე ეკა მასწავლებლიდან მივიდა, მშობლებმა არ იცოდნენ, რომ აქციას შეუერთდა. როდესაც ეკამ სახლში მისვლა დააგვიანა, ოჯახის წევრებმა  რუსთაველის გამზირზე მიაკითხეს. სწორედ ამ დროს დაიწყო აქციის მონაწილეების უმოწყალო ხოცვა. ეკა ადგილზე გარდაიცვალა,  დედამისმა, ლია ყანჩაველმა კი დარბევისას  ისეთი დაზიანებები მიიღო,  შვილის დაკრძალვასაც  ვერ დაესწრო.

30 წლის შემდეგ, ლალი ყანჩაველი “2020NEWS-თან“ ინტერვიუში იხსენებს ეკას 16 წლიან ცხოვრებას.  აღმოჩნდა, რომ ის დღიურებს წერდა, რომელიც დედამ წლების შემდეგ იპოვა.

_ 30 წელი გავიდა ტრაგედიიდან...

_ასე მგონია,  წელიწადიც  არ გასულა. მე ჩემი შვილი გარდაცვლილი არ მინახავს , უგონოდ ვყოფილვარ ოთხი დღე ,მოწამლულიც, დაჩეხილიც...ჩემით ახლაც ვერ დავდივარ. როდესაც გონზე მოვედი,  ყველაფერი დამთავრებული იყო. ჩემი შვილისთვის ორმოციც კი გადახდილი ჰქონდათ.  

საშინელებაა, როცა დედას შვილი უკვდება და მერე, მას  ცრემლსაც  ვერ აყოლებს ...

_ თქვენ არ იცოდით, რომ იმ დღეს ეკა მიტინგზე მიდიოდა?

_ იმ დღეს მასწავლებელთან მიდიოდა. საერთოდ  მიტინგზე დადიოდა, არ ვუშლიდი, რადგან საშიშროებას არ ვგრძნობდით.  მიტინგზე დარჩენას  რომ აპირებდა , არ ვიცოდი. რომ დაიგვიანა, მის საძებნელად გავედით. როცა მივედით, მახსოვს, პატრიარქი საუბრობდა და შემდეგ აღარაფერი მახსოვს. ალყაში აღმოვჩდით. დაიწყო არეულობა. ნაძალადევიდან ყოფილა ერთი მილიციელი და იმას უთქვამს, ქერათმიან ქალს დააკლეს შავგვრემანი, ხუჭუჭა გოგოო… ეს ჩვენ ვიყავით. მე მქონდა ქერად შეღებული თმა, ის ხუჭუჭა გოგო კიდევ ჩემი ეკა იყო.

_ თქვენ ეკას გარდაცვალება გვიან გაიგეთ, მაგრამ თქვენმა ოჯახის წევრებმა როდის შეიტყვეს ეს საშინელი ამბავი?

_ ეკა მეორე დღეს იპოვეს და  მე  - მეოთხე დღეს. ეკას პოვნა გაუჭირდათ,  იმიტომ რომ დასიებული ყოფილა და ვერ იცნეს. მე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ხუთამდე ვერ ვითვლიდი.

_ ეკაზე ბევრი დაწერილა, თქმულა, მაგრამ როგორც დედისთვის თქვენ როგორ დაახასიათებდით მას?

_ ჩვეულებრივი ბავშვი იყო. კომაროვში სწავლობდა. ისეთი კლასი ჰყავდა, რომ ერთმანეთს ყველგან გაიტანდნენ.

_ მაგრამ თქვენთვის განსაკუთრებული დასამახსოვრებელი მომენტი რა იყო?

_ თურმე დღიურს წერდა, რომლის შესახებაც არ ვიცოდი. ერთხელ, სახლის დალაგების დროს, მდივნის უკან ვიპოვე. მოკლე ჩანაწერებს აკეთებდა. ასეთი რამ ეწერა - „ღამე ერთი, 16-ჯერ გამეღვიძა, ვერ ვიძინებ, ვფიქრობ და ვფიქრობ, რაზე არ ვიცი“. ხომ გვითქვია, ცუდი ღამე იყო, ასჯერ გამეღვიძა, ეკამ კი პირდაპირ რიცხვი დაასახელა.

ერთი ჩანაწერი იყო კიდევ, რასაც შემდეგ მივქციე ყურადღება. „კაცი ისე როგორ უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან, რომ სახელი არ დატოვოს“. არ ვიცი ჩემმა შვილმა რა სახელი დატოვა, დღესაც არ ვიცი. ბევრჯერ მითქვია, ნეტა მარტო ჩემი შვილი ყოფილიყო, ოღონდ, ქვეყანა კარგად ყოფილიყო.

_ როგორი დედა-შვილობა გქონდათ?

_ ძალიან კარგი. ეკას ბიჭივით ვზრდიდით, კი არ ვზრდიდით , ასე იზრდებოდა. მეორეც გოგო მყავდა და როდესაც იგებდა , რომ მისი და ვინმეს მოსწონდა , მეუბნებოდა ხოლმე, დე , შენ არ ინერვიულო, სიძეს შენს თავს არ დავაჩაგვრინებ. თუმცა, ყველაზე მეტად მან დამჩაგრა.

_ თავად თუ ჰყავდა შეყვარებული?

_ არა, შემდეგ მის მეგობრებსაც ვკითხე. ძალიან მეგობრული კლასი ჰყავდა. დღემდე მოდიან ჩვენთან. კლასში მხოლოდ ოთხი გოგო იყო,  დანარჩენი ბიჭები.

_ ახსენეთ, რომ ბიჭივით იზრდებოდა , სპორტით თუ იყო დაკავებული?

_ სპორტით არა, მაგრამ ბიჭის ქმედებები ჰქონდა. არც შენ შეგარჩენდა რამეს და არც თვითონ გაკადრებდა რამეს.

_ როგორ ფიქრობთ, დღეს რომ ეკა ცოცხალი ყოფილიყო,  ქართულ რეალობის მიმართ პროტესტი ექნებოდა?

_ ექნებოდა. იმ დროის გადმოსახდიდან ვფიქრობ, რომ ექნებოდა.

_ ეკამ ქვეყნისთვის გაწირა თავი და ხელისუფლება თუ გეხმარებათ?

_ ოცი წლის წინ, მიზერულ თანხას გაძლევდნენ დახმარების სახით. ახლა წელიწადში ერთხელ თუ გაგვიხსენებენ, მეტი არაფერი.

_ და ბოლოს, თქვენ სადაც ცხოვრობდით ნახალოვკაში იმ ქუჩას ეკას სახელი ეწოდა. რას ნიშნავს დედისთვის, რომ მისი შვილის სახელობის ქუჩა არსებობს?

_ ეს ჩვენმა მეზობლებმა გააკეთეს. სხვათაშორის , პირველი , ეკას დაღუპვიდან რაც  გაკეთდა, ეს იყო. ძალიან ამაყი ვარ!