რუსეთი ცდილობს, სრულად წაშალოს ქართული იდენტობა - საქართველოს პრემიერის გამოსვლა სტრასბურგში
რუსეთი ცდილობს, სრულად წაშალოს ქართული იდენტობა - საქართველოს პრემიერის გამოსვლა სტრასბურგში

A+ A-

16:37 10/04/2019

„საქართველოს შუაგულში რუსეთის სამხედრო ბაზები დგას და ჯერ ისევ ვიმყოფებით საქართველოს მოქალაქეების გატაცებების, წამებისა და მკვლელობის საფრთხის წინაშე. არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და 18 წლის დავით ბაშარული ბოლოდროინდელ მსხვერპლთა სახელებია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია  უკანონოდ იქნა დაკავებული. ბუნდოვან გარემოებებში მისი გარდაცვალების მიზეზები კვლავ გაურკვეველია. ერთი რამ ნათელია, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ იქნა დაკავებული უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონოდ აგებულ სამხედრო ბაზაზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა, საპარლამენტო ასამბლეას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერისთვის.

„ყველანი უნდა  დავირაზმოთ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების წინააღმდეგ, რათა არასოდეს შევურიგდეთ სამართლის უზენაესობის მიზანმიმართულ უგულვებელყოფას“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ცდილობს, საქართველოს მშვიდობიან ინიციატივებს საფუძველი გამოაცალოს.

„რუსეთის ფედერაცია ცდილობს, ჩვენს მშვიდობიან ინიციატივებს საფუძველი გამოაცალოს ამ სახის დივერსიებით და ყველა ჩვენი ძალისხმევა დაბლოკოს. ეთნიკური დისკრიმინაციის გზით, ისინი ცდილობენ, სრულად წაშალონ ქართული იდენტობა, მაგრამ ეს არ მოხდება. ამას არასოდეს დავუშვებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოში გამოსვლა ყველა იმ ადამიანს მიუძღვნა, ვინც, მისი სიტყვებით, სიცოცხლე შესწირა საქართველოს ერთიანობას და თავისუფლებას.

ევროსაბჭოს დაარსებიდან 70 წელი შესრულდა. საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებიდან კი 20 წელი გავიდა.