ნათია ჩახუნაშვილი: გადავწყვიტე მეწარმე გავმხდარიყავი, გადავლახე სირთულეები და  ახალი გამოწვევებისთვისაც მზად ვარ
ნათია ჩახუნაშვილი: გადავწყვიტე მეწარმე გავმხდარიყავი, გადავლახე სირთულეები და  ახალი გამოწვევებისთვისაც მზად ვარ

A+ A-

19:09 10/04/2019

საქართველოს კვებითი მრეწველობის ბაზარზე  McDonalds-ის, KFC-ისა და Wendy's-ის კონკურენტი კომპანია “თეთრი სახლი“ გამოჩნდა, რომლის დამაარსებელიც 25 წლის ნათია ჩახუნაშვილია - ძალიან ახალგაზრდა და მიზანდასახული ქალი-მეწარმე.

 “2020NEWS” ნათია ჩახუნაშვილით დაინტერესდა, რომელმაც გადაწყვიტა სირთულეები გადალახოს. გამოწვევები მიიღო, უკან არ დაიხია, დაისახა გეგმები და გადადგა ნაბიჯები წინ, მომავლისკენ.

ნათია ჩახუნაშვილი:

- "თეთრი სახლის" ძირითადი პროდუქტი ბურგერია, რომელიც ფასებისა და ასორტიმენტის შესაბამისად, თითქმის ყველა სოციალური სტატუსის მქონე სეგმენტზეა გათვლილი. თავიდან, როდესაც ეს საქმე დავიწყე, როცა არც "თეთრი სახლი" არსებობდა და არც ბურგერი, ყველაფერი უფრო მარტივად მეჩვენებოდა, ვიდრე აღმოჩნდა. ბიზნესის ამ სეგმენტში კონკურენცია ძალიან მაღალია და შესაბამისად, როგორც ყველა დამწყებს, მეც მომიხდა რიგი სირთულეების გადალახვა. ცოტა მეშინოდა კიდეც. თან ჩვენთან როგორი სტერეოტიპებიც არის ხომ იცით - 25 წლის გოგომ ამხელა საქმეს როგორ უნდა გაართვას თავი? როგორ უნდა შეძლოს ბიზნესის მართვა და ა.შ. მაგრამ შიში დავძლიე და ვთქვი - რატომაც არა, მეც შემიძლია, გამომივა, აუცილებლად გამომივა. თავი გავიმხნევე, რადგან ვხვდებოდი, რომ ეს შიში მაფერხებდა, ხელს მიშლიდა. მინდოდა, რომ წარმატებული ქალი მეწარმე ვყოფილიყავი და ეს დაბრკოლებები ეტაპობრივად გადავლახე. ყველა რესურსის მობილიზება მომიხდა და ეს ყველაფერი ხდებოდა მართლა გასწორებული დღე-ღამის ხარჯზე. სირთულეების მიუხედავად, არასოდეს მიფიქრია დანებებაზე, რადგან უფრო მეტ სტიმულს მაძლევდა იმის ყურება, როგორ ესხმებოდა ჩემს იდეებს ხორცი. პროცესის დროს ბევრ უსამართლობასაც შევხვდი. მაგალითად, ბიზნეს მოლაპარაკებების დროს სქესზე ხაზგასმა, ქალის “უცოდინარობის” ხარჯზე გადაწყვეტილების თავიანთ სასარგებლოდ მიღების სურვილი პარტნიორების მხრიდან, გადადებული გადაწყვეტილებები და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი იყო, უკვე გადალახულია. წინ კიდევ უფრო მეტი მიზნის განხორციელებისთვის ბრძოლაა. მოკლედ რომ გითხრათ - გადავწყვიტე მეწარმე გავმხდარიყავი, გადავლახე სირთულეები და ახალი გამოწვევებისთვისაც მზად ვარ.

 - ცოტა ხნით მაინც მოგვიწევს წარსულის გახსენება. როგორ დაარსდა "თეთრი სახლი"?

- "თეთრი სახლის" დაარსება მას შემდეგ გადავწყვიტე, როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ გავაანალიზეთ ქუთაისში არსებული ვითარება, რომ ჩვენს ქალაქში არ არსებობდა ბურგერის სახლი, რომელიც ყველა მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი იქნებოდა. სადაც სტუმარს შევთავაზებდით ნატურალურ პროდუქტზე დამზადებულ საკვებს. კვებითი მრეწველობის ბაზარს მთლიანად აკონტროლებენ ის მსხვილი კომპანიები, რომლებიც ბურგერის კომერციულ გემოს სთავაზობენ მომხმარებლებს. ამის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ შეგვექმნა ნამდვილი გემო და მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა ნამდვილი ბურგერი. ასე შეიქმნა "თეთრი სახლის ბურგერი". როდესაც „თეთრი სახლის“ დაარსება გადავწყვიტე, არ ვიცოდი სამზარეულო, ბუღალტერია, საბუთების აკინძვა და ა.შ. მაგრამ მქონდა საკმარისად კარგი მენეჯერული უნარები. ამიტომ, ყველა ისეთი საქმის კეთება რაც სხვებისთვის თვალსაჩინო არ არის, საკუთარ თავზე ავიღე და გადავწვიტე საუკეთესო მომმარაგებელებთან მეწარმოებინა მოლაპარაკება. დონორების მოსაძიებლად ჩავები არასამთავრობო სექტორის რამდენიმე პროექტში, სადაც გამუდმებით საკუთარ ბიზნესს წარმოვაჩენდი, ვარეკლამებდი. ვიძენდი ახალ უნარ-ჩვევებს, რაც საკუთარი საქმიანობის უკეთ შეცნობაში მეხმარებოდა. შევიძინე ძალიან ბევრი კარგი ადამიანი, რომლებიც ასევე დამეხმარნენ საქმის სწორად წარმართვაში და შედეგმაც არ დააყოვნა.

 - და როგორი შედეგი დადგა? რამ იქონია განსაკუთრებული გავლენა თეთრი სახლის განვითარებაზე?

- ამ ბიზნესის გამართვაში და სწორი მიმართულებით განვითარებაში მეხმარება ჩემი მეუღლე, ლევან დადიანი, რომელიც პროფესიონალი შეფ-მზარეულია. მას ზურგს უმაგრებს დიდი გამოცდილება ამ სფეროში. ამის გათვალისწინებით, სამზარეულოს ის ხელმძღვანელობს, ხოლო მე დაკავებული ვარ ადმინისტრაციული საქმეების მოგვარებით. ლევანის მონდომებით შეიქმნა ბურგერების ახალი გემო, რომელიც ხალხს აღფრთოვანებულს ტოვებს. ჩვენ "თეთრი სახლი" გავხსენით ნაკლებად მომგებიან სეზონზე, ზაფხულში. რადგან "თეთრი სახლის ბურგერი"  გათვლილი იყო ადგილობრივ მოსახლეობაზე, ზაფხულის სეზონი მთლიანად დავუთმეთ იმის გაგებას, თუ რა სურდათ ჩვენს მომხმარებლებს. ე.წ. ტესტური რეჟიმით მუშაობა დაგვეხმარა იმაში, რომ ფასები და გემო მოგვერგო, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სტუმრებზე. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ბურგერი ძალიან ხარისხიანია და მან ძალიან მალე დაიმკვიდრა ადგილი ბაზარზე.

მერე აუცილებელი გახდა უფრო თანამედროვე ინტერიერის შექმნა, მაგრამ საკმარტისი თანხა არ მქონდა. ისევ დონორის მოძიება დავიწყე და ჩავერთე   ფერმერთა ასოციაციის მიერ წარმოებულ პროექტში,რომლის მიზანიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერებაა. მოვიპოვე გრანტი, რამაც ხელი შემიწყო მომსახურების სერვისის გასაუმჯობესებლად არსებული ინვენტარი შემეძინა.

- თქვენ თვითონ თუ გიყვართ ბურგერი?

- მე ვაწარმოებ ბურგერს, თუმცა არც ის ვიცი, როგორ მზადდება და არც ის, რამდენად გემრიელია. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ლევან დადიანია, რომელიც თავის საქმის მაღალი დონის პროფესიონალია.

- "თეთრი სახლის ბურგერი" სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება?

- შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ ჩემი ბიზნესი კიდევ უფრო ფართოვდება. ცოტა ხნის წინ ჩვენ შევიცვალეთ ლოკაცია და გავფართოვდით. სამომავლოდ "თეთრი სახლის ბურგერი" ბათუმსა და თბილისშიც გამოჩნდება. ვინაიდან ჩვენი ბიზნესის მიერ წარმოებული პროდუქტის ფასი დაბალიდან საშუალომდე მერყეობს, არჩევანის მრავალფეროვნებისთვის, ვფიქრობთ, შევქმნათ კვების ისეთი ხაზი, რომელიც არსებულ ხაზებთან შედარებით უფრო ძვირადღირებული იქნება. ასევე, გვინდა დავამატოთ დესერტის ხაზი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

- კონკურენციის არ გეშინიათ?  ისეთ დიდ კომპანიებთან კონკურენციაში ყოფნა, როგორიცაა რესტორნების ქსელი McDonalds, KFC და Wendy's ადვილი არ არის.

 - ეს მსხვილი კომპანიები ბურგერის კომერციულ გემოს სთავაზობენ მომხმარებლებს, ხოლო ჩვენ ნატურალურ პროდექტზე ვამზადებთ ჩვენს ბურგერებს. ყველაფერი მზადდება გრილზე. ასევე, ადგილზე იქმნება ბურგერის სპეციალური პური. მოკლედ ჩვენ ვთავაზობთ სტუმრებს ჯანსაღ და ნატურალურ კვებას, რადგან „თეთრი სახლისათვის“ საკვების ხარისხთან ერთად მნიშვნელოვანია შესაბამისი მომსახურების მიღება.

თეთრი სახლის გარემო სრულიად განსხვავებული, პოზიტიური და საოცრად სასურველია სტუმრებისათვის, რადგან ბურგერის სახლი გაყოფილია 2 ძირითად სივრცედ: 1 მიმღები ჰოლი, რომელიც გაფორმებულია ჩვენი შექმნილი დიზაინით. შეფ-მზარეულის კარიკატურა და ბურგერების ილუსტრაციები კედელებზე, თავიდანვე დადებითად განაწყობს სტუმარს. შემდგომ უკვე მათ ხვდებათ ჩვენი ყოველთვის მომღიმარი მოლარე-ოპერატორი, რომელიც არა მარტო იღებს შეკვეთებს, არამედ სვამს ჩვენს საფირმო კითხვას: როგორ გშიათ? - და ამის შემდეგ ეხმარება სტუმარს არჩევანში. ჩვენ შექმნილი გვაქვს ბურგერისა და კვების 3 ძირითადი ხაზი. ესენია: ყველაზე ნოყიერი, საფირმო "თეთრი სახლის ჩიზბურგერი",  რომელიც განკუთვნილია ყველაზე მშიერი სტუმრებისთვის. სტანდარტული საშუალო ჩიზბურგერი - გათვლილია ნაკლებად მშიერი კლიენტებისათვის. სტუდენტური მენიუ კი შეიცავს სტანდარტულ ჩიზბურგერს, საშუალო ფრისა და გამაგრილებელ სასმელს. ეკონომ მენიუ - ხორცისა და სოუსის სხვადასხვა ვარიაციებით, სწორედ ამიტომ ჩვენ ვურჩევთ ყველას აირჩიონ "თეთრი სახლი".

 - რა გამოცდილებით დაიწყეთ თქვენ და თქვენმა მეუღლემ ბიზნესსაქმიანობა? 

- ჩემი და ჩემი მეუღლის კვალიფიკაცია მოიცავს ბიზნესსფეროს სხვადასხვა საფეხურებს. ჩემი პირადი გამოცდილება  front office  საკითხებს მოიცავს კერძოდ: 4 წლის ინტერვალში დასაქმებუილი ვიყავი 2 ბრენდირებულ სასტუმროში , ““Rooms Hotel“ სა და “Best Western”, სადაც მებარა მართვა და ადმინისტრაციული საკითხები. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, მას Back office-ში მუშაობის გამოცდილება აქვს. თბილისსა და ქუთაისში რამდენიმე წამყვანი სასტუმროსა და რესტორანის სამზარეულოს შეფ-მზარეული იყო. მიღებული კვალიფიკაციებისა და გამოცდილების მიხედით დიფერენცირებაც შესაბამისი მოვახდინეთ. მე ადმინისტრაციულ საკითხებს ვაგვარებ, ხოლო ჩემი მეუღლე სამზარეულოს ხელმძღვანელობს. საბოლოოდ, ეს საქმე გამოგვივიდა კარგად.

- და რას ურჩევთ ახალგაზრდა, დამწყებ მეწარმე ქალებს?

- არ შეუშინდნენ სირთულეებს, არ დაიხიონ უკან, უარი არ თქვან საკუთარ გეგმებსა და მიზნებზე, რადგან გადაულახავი პრობლემები არ არსებობს. რადგან მიზანდასახულობას და შრომას ყოველთვის მოსდევს წარმატება.