ცოლ-შვილს მშივრებს ვერ დავტოვებთ - ტაქსისტების ულტიმატუმი და კალაძის პასუხი
ცოლ-შვილს მშივრებს ვერ დავტოვებთ - ტაქსისტების ულტიმატუმი და კალაძის პასუხი

A+ A-

×

18:20 11/04/2019

ტაქსის მძღოლების ულტიმატუმი კახა კალაძეს - თუ ორ კვირაში დედაქალაქის მერი ახალ რეგულაციების გადავადებასთან დაკავშირებით მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, მძღოლები პერმანენტული მჯდომიარე აქციებით იმუქრებიან.

დღეს კი ტაქსის მძღოლებმა მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს. მათ დიღმიდან ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლის მიმართულებით მსვლელობა მოაწყეს. ავტოკოლონას ივანიშვილის რეზიდენციასთან პოლიციის მრავალრიცხოვანი კორდონი და ევაკუატორები დაახვედრეს. აქციის მონაწილეები რეგულაციების 2 წლით გადაწევას ითხოვენ.

გადაავადონ და დაგვაცადონ ის ორი წელი. ჯიბეში რატომ გვიხტებიან....ბიზნესები აქვთ, წილები აქვთ და გაჭირვებულ ხალხი არ აინტერსებთ.  ხალხს ჯიბეში გვიხტებიან....რითი ვიცხოვროთ, რითი ვიარსებოთ ?  ჩვენ ჩვენ  ცოლ-შვილს მშივრებს ვერ დავტოვებთ... შეგვეშვან ამ გაჭირვებულ ხალხს,“-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრის განცხადებით,  დღევანდელი მსვლელობა მხოლოდ გამაფრთხილებელი იყო  და ,იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერი ტაქსების თეთრად გადაღებვის შესახებ რეგულაციებს არ გადაავადებს, მასშტაბური აქციები დაიწყება.

დღის ბოლოს , თბილისის მერი კახა კალაძემ ტაქსის მძღოლების ულტიმატუმს უპასუხა და განაცხადა, რომ „არანაირი რეფორმის გადავადება არ მოხდება“.  

„ტაქსის რეფორმა აუცილებლად განხორციელდება. ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა სოციალური მდგომარეობა, ამ ყველაფრიდან გამოვედით და მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ ტაქსის მძღოლებისთვის დატვირთვა არ ყოფილიყო“, - განაცხადა კალაძემ.