მამის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს
მამის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

A+ A-

11:10 12/04/2019

წყნეთში, 65 წლის გივი ცერექაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ შვილს, 37 წლის სოსო ცერექაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა მიიღო.

საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომაზე სოსო ცერექაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. პროკურორის განმარტებით, მამის მკვლელობაში ბრალდებულს დაბა წყნეთში, საცხოვრებელი სახლის აივანზე, ალკოჰოლური სასმელის თრობის ქვეშ მამასთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც, მან სამზარეულოს დანა აიღო და გივი ცერექაშვილს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

პროკურორმა ცერექაშვილის არასტაბილურ და არაკონტროლირებად ხასიათზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრალდებული ალკოჰოლზე და ფსიქოტროპულ მედიკამენტებზეა დამოკიდებული. ბრალდებულის ადვოკატი, ლედი კორძაძე ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატის განმარტებით, მკვლელობის შემდეგ ბრალდებული პოლიციაში ნებაყოფლობით მივიდა და დანაშაული აღიარა, გამოძიებასთან ითანამშრომლა, ნიმუშები მისცა. ბრალდებულის ადვოკატი არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შუამდგომლობას, რომლის მიხედვითაც, ის ალკოჰოლზე და სხვა ნივთიერებებზეა დამოკიდებული.

ადვოკატის განმარტებითვე, ცერექაშვილი დასაქმებულია და ის 8 წელია, რაც დაცვის თანამშრომელია.

შემთხვევა 9 აპრილს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, სოსო ცერექაშვილმა მამას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკეთას ითვალისწინებს.