მორიგი შეტევა მედიაზე
მორიგი შეტევა მედიაზე

A+ A-

18:21 12/04/2019

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხუთიდან ორი წევრი დირექტორის,  ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს ითხოვს. 

გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ ბორდს შესაბამისი წერილით მიმართეს. პრეტენზია ტელევიზიის რეიტინგი, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვაა.

„ჩვენ მიერ ჩამოთვლილი შენიშვნები არის მრავალფეროვანი. ეხება ტელევიზიის რეიტინგის შემცირებას, ასევე პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობას, ადგილი აქვს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენს პრეტენზიებს არანაირი კავშირი არ აქვს არხის სარედაქციო პოლიტიკასთან. არანაირი საფრთხე ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობას არ ემუქრება, ამის სადარაჯოზე ვიქნები მეც და მრჩეველთა საბჭოს სრული შემადგენლობა”, – აცხადებს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი გიგა ჩხარტიშვილი.

ოპოზიციის აზრით, ხელისუფლებას ტელევიზიაზე გავლენის მოპოვება უნდა და შტურმი დაიწყო. სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ვინც აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი მოითხოვა, საბჭოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა. პარტიაში ამბობენ, რომ არ იზიარებენ მათი წარდგენილი წევრის პოზიციას და მზად არიან, მისი სამეურვეო საბჭოდან გამოწვევის პროცედურა დაიწყონ.

იმპიჩმენტის პროცესში პოლიტიკურ ჩარევას გამორიცხავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. 

"შემოდგომაზე ისედაც უნდა აერჩია ახალი დირექტორი მრჩეველთა საბჭოს.... „აჭარის ტელევიზიის“ სიუჟეტები ზოგჯერმეც არ მომწონს, მაგრამ ერთია, ჩვენ რა მოგვწონს და არ მოგვწონს და მეორეა ის, რომ ტელევიზიები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები“, – ამბობს უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი, ირაკლი ჭეიშვილი.

საკითხთან დაკავშირებით, პოლტიკურ შემადგენელს არ გამორიცხავს თავად ნათია კაპანაძე.

"ცხადია, ყველა საკითხი, რაც უკავშირდება დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას, არის პოლიტიკის ნაწილიც. ცხადია, რომ პროცესები, რაც დამოუკიდებელი არხის ირგვლივ ვითარდება, არის მაღალი საჯარო ინტერესი და სრულად ვაცნობიერებთ, რომ ეს არ არის მხოლოდ შიდა საკითხები,“ - განაცხადა ნათია კაპანაძემ.

კაპანაძის თქმით, მისი დირექტორობის პერიოდში ტელევიზიის მუშაობა მაუწყებლის შესახებ კანონზე იყო დაფუძნებული. მისი განცხადებით, არხი იგივე სტანდარტებით გააგრძელებს მუშაობას.

ჩვენ ვმუშაობდით და ვმუშაობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპების გათვალისწინებით, იმ ჩარჩოში, რაც ევალება და აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს. პროცესები ან დამოკიდებულება მუშაობის მიმართ, რომელიც უკვე აღიარებულია, როგორც ობიექტური შედეგი პოლარიზებულ მედიაგარემოში, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ნებისმიერ შეკითხვას, ნებისმიერ პროცესს, რომელიც უკავშირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებელ მუშაობას,“ – ამბობს ნათია კაპანაძე.