გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს Facebook-დებატებში იწვევს
გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს Facebook-დებატებში იწვევს

A+ A-

14:40 13/04/2019

"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სოციალური ქსელით მოუწოდებს, რომ ფეისბუქის მეშვეობით ჰქონდეთ ღია დისკუსია, რათა საზოგადოებას დაანახონ, სად ემთხვევა მათი პოზიციები და სად განსხვავდება.

"ძალიან ბევრი საკამათო თეზისია გამოთქმული ბატონი მიხეილის მიერ. მეტიც, ეს თეზისები იძლევა ისეთი ინტერპრეტაციების შესაძლებლობებს, რომ საზიანოც შეიძლება იყოს უკრაინისა და საქართველოსთვის. ევროკავშირისა და საერთაშორისო ინსტიტუტების ბიუროკრატიზმი, ხშირად არის ხოლმე შემაფერხებელი ფაქტორი სწრაფი განვითარებისთვის, როცა ქვეყანაში რეფორმისტული მთავრობაა, მაგრამ მტკიცება იმისა, რომ მათ მხოლოდ "გარკვეულ ჩარჩოებში" სურთ ჩვენი განვითარება, ფუნდამენტურად არასწორია.

მარტივი ლოგიკაა - ყველას აწყობს მეზობლად ჰყავდეს არააგრესიული და განვითარებული მეზობელი, რადგან ეს ორმხრივი სარგებლობის მომტანია. "ევროპას ჩვენი მუშა ხელი უნდა მხოლოდ" - მცდარია. თუ რამეზეა დღეს ევროპაში კამათი, ეს მიგრანტების თემაა. ბრექსითის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზიც პოლონელი მუშახელის "სიმრავლე" იყო. 21-ე საუკუნეში ევროპის კოლონიალისტურ პოლიტიკაზე უკიდურესი მემარცხენეებიც კი აღარ საუბრობენ (ამერიკისგან განსხვავებით, აქაც ცხადია დაუმსახურებლად), რადგან ასეთი დიდი ხანია აღარ არსებობს. ის რაც ჩვენ ცალსახად არ მოგვწონს, გვაღიზიანებს - ეს ევროკავშირის ბიუროკრატიზმია, ოღონდ ამას "კოლონიალიზმი" არ ქვია. რუსეთის კონტექსტში, ან რუსეთთან რაიმე ტიპის ბმაში ევროპასთან ამ ტერმინის ხმარება კი ფუნდამენტურად არასწორია, რადგან საუბრის კონტექსტის მიღმა, ის შთაბეჭდილებას ქმნის თითქოს ტოლობის ნიშანია დასმული.

მოკლედ, ილიას თეზისის "ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს", აბსოლუტურად არაწორი ინტერპრეტაციაა. ბატონო მიხეილ, მოდით, რადგან ჩვენი გამონათქვამები ხშირად საკამათოა, მინდა შემოგთავაზოთ თქვენ და ენმ-ს, გვქონდეს ღია ფეისბუქდისკუსია ამგვარ მნიშვნელოვან თემებზე. ამით ვანახებთ ჩვენს საზოგადოებას, სად ემთხვევა ჩვენი პოზიციები, სად განსხვავდება. მოვახერხოთ ეს, "ქოცებისგან" განსხვავებით, საქმიანად, ემოციის გარეშე და ურთიერთპატივისცემით. ამით ვანახოთ მაგალითი, რომ თუნდაც ფუნდამენტურად განსხავებული პოზიციების შემთხვევაში, შეგვიძლია დიალოგი, რაც მნიშვნელოვანია საერთო მიზნის - ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების - მისაღწევად. მარტივად, ასე უფრო დაგვიჯერებს ხალხი“, - წერს გიგი უგულავა.