მარადონამ პელეს გამოჯანმრთელება უსურვა
მარადონამ პელეს გამოჯანმრთელება უსურვა

A+ A-

12:50 14/04/2019

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ პელეს.

78 წლის ბრაზილიელმა ლეგენდამ პარიზის საავადმყოფოში ხუთი დღე გაატარა ინფექციის გამო. სამშაბათს ის გამოწერეს და „ფეხბურთის მეფე“ სან პაულუში დაბრუნდა.

მარადონამ სოციალურ ქსელში პელესთან გადაღებული ძველი ფოტო გამოფინა.

„დღეს ამ ფოტოს 40 წელი შეუსრულდა. ეს იყო რიო დე ჟანეიროში, სადაც მას პირადად შევხვდი. როგორი ახალგაზრდები ვიყავით… მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ პელეს, წარმატებები!“, – დაწერა მარადონამ „ინსტაგრამში“.

პელეს  ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია სან-პაულოს კლინიკაში ჩაუტარდა. რის შემდეგაც კლინიკის ადმინისტრაციამ მისი ჯანმრთელობის შესახებ განცხადება გაავრცელა:

„პაციენტი კარგადაა და ოპერაციამ წარმატებულად ჩაიარა, პელე საკუთარ პალატაშია გადაყვანილი“- ნათქვამია განცხადებაში. 

ბოლო წლების განმავლობაში პელე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საავადმყოფოში ხშირად ხვდება. 2018 წელის დეკემბერში, მოსკოვში, ის შშმ პირის ეტლში იჯდა, რადგან თეძოზე რთული ოპერაცია გადაიტანა. 2018 წლის იანვარში კი ჰოსპიტალში ორგანიზმის გამოფიტვის დიაგნოზით მოხვდა. 

პელე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ფეხბურთში ბრაზილიის ნაკრებთან ერთად გახდა.

საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაციამ ის მე-20 საუკუნის ფეხბურთელად დაასახელა.