სასტიკი მკვლელობები, რომელმაც საქართველო შეძრა
სასტიკი მკვლელობები, რომელმაც საქართველო შეძრა

A+ A-

18:09 14/04/2019

ბიძის მიერ მოკლული ძმისშვილი 

მიმდინარე წლის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი შემთხვევა რუსთავში მომხდარი ტრაგედიაა.  10 თებერვალს ვალერი ირემაძემ საკუთარ არასრულწლოვან 13 წლის ძმიშვილს დანით 20-მდე ჭრილობა მიაყენა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს. როგორც ოჯახის ახლობლები ჰყვებიან, მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, ფსიქიატრიულ საავადმყოფოს დახმარების თხოვნით მიმართეს, თუმცა სამედიცინო დაწესებულებებში ირემაძის მკურნალობაზე უარი თქვეს, რაც მოგვიანებით იმით, ახსნეს მიმართვის მომენტში, მას მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა არ აღენიშნებოდა და იგი გარკვეული ნივთიერების (სავარაუდოდ, მარიხუანას) ზემოქმედების ქვეშ იყო.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე, 24 მარტს რუსთავის საქალაქო სასამართლომ ვალერი ირემაძეს ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ორწლიანი იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა.

 9 წლის გოგონას მკვლელობა

2018 წლის 25 ოქტომბერში გორში მომხდარმა საზარელმა შემთხვევამ ქვეყანა შეძრა.
9 წლის ნანიკო ბერიაშვილის კვალი 25 ოქტომბერს დღის პირველი ნახევრიდან დაიკარგა, სწორედ იმ დროიდან როდესაც გოგონა სახლიდან ცეკვის წრეზე მიდიოდა.
რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, გოგონას ცხედარს მდინარე ლიახვის ნაპირზე მიაკვლიეს , რომელსაც ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.
მომხდართან დაკავშირებით, 26 ოქტომბერს წარსულში ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე დააკავეს, რომელიც იმ გზის პარალელურ ქუჩაზე მუშაობდა,სადაც გოგონა ხშირად გადაადგილდებოდა.
სამართალდამცველებმა საცხოვრებელ სახლის სარდაფში, კედელსა და იატაკზე მოკლული მოზარდის სისხლის კვალი აღმოაჩინეს. მოკლულის ახლობლების თქმით, ბრალდებულმა მსხვერპლი სავარაუდოდ, სარდაფში ჩაიყვანა და იქ მოკლა.
საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
აღსანიშნავია,რომ ნებიერიძის წარსულში ნასამართლეობა სწორედ 14 წლის წინ 11 წლის მოზარდის გაუჩინარებას უკავშირდება სადაც იგი საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო.
ნებიერიძე სასჯელს 2008 წლის 29 სექტემბრიდან ძარცვისა და ყაჩაღობის მუხლებით იხდიდა, 2016 წელს კი საყოველთაო ამნისტიით გათავისუფლდა.

 სმიტების ოჯახის საზარელი მკვლელობა 

43 წლის რაიან და 42 წლის ლორა სმიტების და მათი 4 წლის შვილის სასტიკი მკვლელობის გამო, 19 წლის მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, 2018 წლის ივლისში დუშეთიდან 70 კილომეტრით დაშორებულ ხადის ხეობაში მოხდა.

სოფელ წკერეს სიახლოვეს, აშშ-ისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე სმიტების ოჯახი დასასვენებლად იმყოფებოდა და კარავი ჰქონდათ გაშლილი. კავშირი მათთან 4 ივლისს გაწყდა. ადგილობრივების ცნობით, 4 ივლისის დილას, სმიტები, მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადის - ხადისწყლის ხეობაში ჩანჩქერის სანახავად წასულან, რომელსაც მთიულები „წკერეს ჩანჩქერს“ ეძახიან. ოჯახმა მეგზურად 19 წლის მწყემს მალხაზ კობაური აიყვანა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მწყემსმა პირველი რაიან სმიტი მოკლა. შემდეგ 4 წლის ბავშვს მიჯრით ესროლა, ლორა სმიტი კი გააუპატიურა, შემდეგ მოკლა და მდინარეში ჩააგდო. ბავშვის ცხედარი მკვლელმა ზვავში დამალა.
კობაურმა, რომელიც ოკუპირებული ახალგორიდან დევნილია, სოფელ წკერეს მცხოვრებლებს თავად შეატყობინა, რომ ქალის ცხედარი იპოვა. თავდაპირველი ვერსია, რომ ამერიკელები შესაძლოა, უბედურ შემთხვევას შეეწირნენ სწორედ მწყემსმა გაავრცელა.
ორი დღის განმავლობაში, მწყემსი მაშველებთან ერთად სმიტების ცხედრების ძებნის ოპერაციაშიც მონაწილეობდა. დაპატიმრების შემდეგ, იმ ადგილამდე, სადაც ბავშვის გვამი გადამალა, კობაურმა პოლიცია თავად მიიყვანა.
2019 წლის 27 მარტს კი 19 წლის მწყემს უვადო პატიმრობა მიესაჯა. 12 ნაფიცი მსაჯულის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის შემდეგ, სასჯელის ზომად მოსამართლემ კობაურს უვადო პატიმრობა განუსაზღვრა.

ხორავას ქუჩის ტრაგედია 

ბოლო პერიოდის ხმაურიან და სისხლიან საქმეებში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული ხორავას ქუჩის ტრაგედიაა,რომელმაც ორი არასრულწლოვნის ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის სიცოცხლეს შეიწირა.
2017 წლის 1 დეკემბერს 51-ე სკოლის ორ მეცხრეკლასელს (ინიციალებით თ.შ. და ა.ს.) შესვენებაზე საპირფარეშოში ექვსი უფროსკლასელი დახვდა. ერთ-ერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა, რასაც მეცხრეკლასელების უკმაყოფილება და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ერთ-ერთმა უფროსკლასელმა მათ უთხრა, რომ გაკვეთილების შემდეგ ორივეს სკოლის გარეთ შეხვდებოდნენ. მე-9კლასელმა (ა.ს-მ) დახმარებისთვის არასრულწლოვან ნათესავს (მ.კ-ს) დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო.
ხსენებული ნათესავი 51-ე სკოლასთან შუადღის 2 საათისთვის, მეგობრებთან ერთად მივიდა. მათ ზემოთ ნახსენები მეცხრე კლასელებიც შეუერთდნენ. სკოლასთან შეკრებილნი იყვნენ დაპირისპირებული მე-11 კლასელები და მათი 15-მდე მხარდამჭერი. მოზარდებმა სკოლის ტერიტორიიდან ხორავაზე, კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს. საუბარი ჯერ შელაპარაკებაში, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ჩხუბისას ერთერთმა მონაწილემ გ.ჯ. -მ დანით მრავალი ჭრილობა მიაყენა დავით სარალიძეს. ხოლო გ.ბ-მ დანით ორი ნაკვეთი ჭრილობა მიაყენა ლევან დადუნაშვილს. შემდეგ ორივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად, ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე - მომდევნო დღეს, საავადმყოფოში.
არაერთი სასამართლო განხილვისა და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მიუხედავად, ხორავას ქუჩის ტრაგედია კვლავაც ბურუსით მოცულია. საზოგადოებაში რჩება კითხვები, ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი, და რამდენი დამნაშავე ჰყავს ამ საქმეს.
ხორავას მკვლელობის საქმის გამო, ქვეყანაში დიდი საპროტესტო ტალღა, სახელწოდებით „ნუ მომკლავ“, დაიწყო.
მკვლელობის საქმის ობიექტური გამოძიებისა და სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, პარლამენტის შენობის წინ, შვიდი თვეა , კარვებია გაშლილი. "შვილმოკლული მამების აქციის" ოგანიზატორი მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძეა.

 

მკვლელი პრიმა ბალერინა 

2017 წლის მაისში, ცნობილმა პრიმა ბალერინამ ,ანი მურადელმა საკუთარი დედა მარინე მინდორაშვილი სასტიკად მოკლა. ანი, წლების განმავლობაში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. მას ფსიქიკური პრობლემები მას შემდეგ დაეწყო, რაც მეუღლეს გაშორდა და ფეხზე ტრამვა მიიღო. ბალერინა ალკოჰოლ-დამოკიდებული გახდა.
ექსპერტიზით დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენისას ანი შეურაცხადი იყო, ამიტომ მას სასამართლომ ფსიქიატრიული მკურნალობა დაუნიშნა ექვსი თვით.
ცხედარი მოკლულის დამ, ესმა მინდორაშვილმა აღმოაჩინა. მან განაცხადა, რომ ანი გარდაცვლილ დედასთან 24 საათის განმავლობაში მარტო იყო.ქალბატონი ხალიჩაზე პირქვე დამხობილი აღმოაჩინეს.
ბალერინას მეგობრებს ეჭვი ეპარებათ მის დანაშაულში, ამასთან ამბობენ, რომ ანი ნაშვილები იყო და მოკლული როგორც საკუთარ შვილს არასოდეს ექცეოდა.


 

 სასტიკი მკვლელობა ფონიჭალაში 

2016 წლის 22 თებერვალს, ხაბელაშვილმა ფონიჭალაში 42 წლის ნონა რამინაძეს ყელი გამოსჭრა და სხეულზე დანით 29 ჭრილობა მიაყენა, მის 3 წლის შვილს, მარიამ მამფორიას კი დანა 16-ჯერ დაარტყა, რის შემდეგაც ცხედარი დაწვა.
ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი მამფორიების ოჯახის მეგობარი გახლდათ. ის სამართალდამცავებმა, პირველად , მოწმის სტატუსით დაკითხეს და ისევე, როგორც ყველა სხვა ახლობელს, დნმ-ის ნიმუშიც აუღეს. მაშინ გამოძიებას ხაბელაშვილის ბრალეულობაში ეჭვი არ შეუტანია. ის , პირველი დაკითხვიდან, მხოლოდ 4 თვის შემდეგ დააკავეს ბრალდებულის სტატუსით. თავდაპირველად, არაფერი თქმულა დანაშაულის მოტივის შესახებ. საგამოძიებო ორგანომ მხოლოდ ის გვაცნობა, რომ ხაბელაშვილი წარსულში ქურდობის, ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იყო ნასამართლევი და რომ მისი გენეტიკური პროფილი (დნმ) ემთხვევა მკვლელობის იარაღიდან აღებულ ნიმუშს.
ინფორმაცია, დანაშაულის მოტივის შესახებ, მხოლოდ ბრალდებულის დაკავებიდან მეორე დღეს, სასამართლო დარბაზში გახდა ცნობილი. პროკურორმა აღნიშნა, რომ დანაშაული ანგარების მოტივით იყო ჩადენილი, ბრალდებულს ბინაში რამდენიმე ათასი დოლარი ეგულებოდა, მაგრამ მისი წაღება ვერ მოახერხა.

კანიბალიზმი - თუ რიტუალური მკვლელობა 

2016 წლის ყველაზე საშინელ დანაშაულად შეიძლება დასახელდეს ნოემბერში თბილისში მომხდარი პენსიონერი ქალის მკვლელობა.
ქალი ნაშვილებ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც ნათესავები რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ ქალს, მათ პოლიციას მიმართეს.
გარე დაკვირვების კამერებიდან ამოიღეს ჩანაწერები, საიდანაც დადგინდა, რომ ქალი სახლიდან არ გამოსულა გამოძიება დაიწყო.
ის, რაც გამოძიებამ დაადგინა, შოკისმომგვრელია. გარდაცვლილი ქალის გერმა მისმა შეყვარებულმა და არასრულწლოვანმა დაქალმა თავიდან ქალი ელექტროშოკის დახმარებით გათიშეს, გაგუდეს, შემდეგ კი დანით მოკლეს.
დანაშაულის დამალვის მიზნით, თანამზრახველებმა დაანაწევრეს ცხედარი, სხეულის ნაწილები ორ ჩანთაში ჩაალაგეს და ნაგავსყრელზე წაიღეს, გადაასხეს ბენზინი და დაწვეს.
ორმა მთავარმა დანმაშავემ — მოკლულის გერმა და მისმა შეყვარებულმა — დანაშაული აღიარა. პოლიციამ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობის მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გახდა. მეზობლების თქმით, დედა-შვილი ხშირად ჩხუბობდნენ იმის გამო, რომ გოგონა ,რომელიღაც სექტის წევრი იყო.
გამოძიების თქმით ეს რიტუალური მკვლელობა იყო. მეტიც კანიბალიზმის ფაქტიც დაფიქსირდა. ბექა შენგელიამ აღიარა, რომ მოკლული ქალბატონის გული შეჭამა. პროკურატურამ მას უვადოპატიმრობა შეუფარდა, მარიამს კი 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

  ქმარ-შვილის სკანდალური მკვლელობა 

არამარტო საქართველოს, არამედ, მსოფლიოს კრიმინალურ ისტორიაშიც იშვიათია ისეთი სისხლის სამართლის საქმეები,როცა დედები შვილებს კლავენ.
2015 წლის 20 დეკემბერს, გამთენიისას თბილისში ფერაძის ქუჩის მცხოვრებლები ქალის კივილმა შეძრა. სადარბაზოს შესასვლელთან მამაშვილის - ომარ და თოკო ქაფიანიძეების ჯერ კიდევ თბილი ცხედრები იპოვნეს. მოკლული ბავშვის დედა მაგდა პაპიძე, რომელიც მოწმის სტუსით წაიყვანეს დასაკითხად, მალე ერთადერთი ეჭვმიტანლი გახდა.
კომპლექსურად ჩატარებული გამოძიების შემდეგ, ბრალდების მხარემ გაასაჯაროვა ისეთი მტკიცებულებები, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ ბრალდებულ პაპიძეს მკვლელად მოიხსენიებდა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მაგდა პაპიძემ მეუღლე ომარ ქაფიაშვილი, თავში უროს ჩარტყმით მოკლა, ხოლო საკუთარი მცირეწლოვანი შვილი ხელით გაგუდა. მოკლული მეუღლის გვამი ოთახიდან სადარბაზოში გაათრია და შესასვლელთან დააგდო.
მაგდა პაპიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ნაფიცმა მსაჯულებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად გამოუტანეს. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა პაპიძე როგორც ოჯახური დანაშაულის ჩადენაში, ასევე დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

 ბეტონში ჩამარხული ცხედრების საქმე 

კრიმინალურ წრეებში „ბეტონას“ მეტსახელით ცნობილმა გიორგი ყუფარაძემ დედა-შვილი, ნატო და გურამ კვეზერელები სასტიკად მოკლა. 2014 წლის 17 დეკემბერს თბილისის ზღვის დასახლებაში ნატო კვეზერელი ცხედარი იპოვნეს, ხოლო მისი შვილი – 1986 წელს დაბადებული გურამ კვეზერელი გაუჩინარდა. სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაადგინეს, რომ ორმა პირმა კვეზერელების კუთვნილი თანხის დაუფლების მიზნით, დედა-შვილის მკვლელობა დაგეგმეს. ამ მიზნით, 2014 წლის 17 დეკემბერს დამნაშავეებმა კოჯორში, ერთ-ერთ აგარაკზე, მოტყუებით მიიყვანეს გურამ კვეზერელი და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავეებმა გარდაცვლილის ცხედარი კასრში მოათავსეს, სპეციალური მჟავა დაასხეს და აგარაკის ეზოში ჩამარხეს.
მკვლელობა 2014 წელს მოხდა, თუმცა საქმე გახსნილად 2016 წელს გამოცხადდა. ეს მაშინ, როცა 571 აბი სუბოტექსით ხელში დანაშაულის თანამონაწილე ვასილ გოშაძე დააკავეს. მას ნარკორეალიზაციის ბრალდებით უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა სამუდამო სასჯელს გამოძიებასთან თანამშრომლობა არჩია და სამართალდამცველებს გურამ კვეზერელის ცხედრის ადგილმდებარეობა და მკვლელობის მთავარი ფიგურანტი – გიორგი ყუფარაძე დაუსახელა. კვეზერელების საქმემ ზედაპირზე ამოატივტივა წარსულში ჩადენილი სხვა მძიმე დანაშაულებიც, მათ შორის 2004 წლის გაზაფხულზე თბილისში, სალიების ქუჩაზე აზერბაიჯანელი ძმების მკვლელობა. საქართველოში მანქანის შესაძენად ჩამოსული აზერბაიჯანელი ძმები – ილხამ და რასიმ გასანოვები მოტყუებით მიიყვანეს სალიების ქუჩაზე წინასწარ ნაქირავებ ბინაში, სადაც გიორგი ყუფარაძემ ძმები ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს.
თავდამსხმელებმა ნადავლი ერთმანეთში გაინაწილეს, გვამები კი გააშიშვლეს და რამდენიმე დღის შემდეგ იმავე სახლის ეზოში დააბეტონეს. სერიული მკვლელი, რომელიც ქართულ მართლმსაჯულებას საბერძნეთში ემალებოდა, გასული წლის ბოლოს ათენი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოიყვანეს.გიორგი ყუფარაძის ექსტრადირების გადაწყვეტილება ბერძნულმა მხარემ მას შემდეგ მიიღო, რაც მისი განცხადება თავშესაფრის მინიჭების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 საზარელი მკვლელობა ბათუმის ბულვარში 

2013 წლის 23 ივლისს 16 წლის მარიამ კოჩალიძე ბათუმის ბულვარში ყელგამოჭრილი იპოვნეს. როგორც ახლობლები აცხადებდნენ, მკვლელმა მოზარდის ველოსიპედი და მობილური ტელეფონი „Iphone 5“ გაიტაცა, ჩანთა, ბლოკნოტი და წიგნი კი დატოვა. ახლობლების თქმით, მოკლული მოზარდი პირქვე იწვა და ზურ¬გზე ქვის ლოდი ედო. მოზარადის მკვლელობაზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
მის მკვლელობაში ბრალდებულად ირანი მოქალაქე მოჰამადინ რუინთანია ,რომელმა, მკვლელობის დღეს, 22 ივლისს ქვეყანა ,სარფის საბაჟო პუნქტიდან, დატოვა. ქართული მხარის მოთხოვნით, რუინთანია ინტერპოლმა, წითელი ცირკულარით, ძებნილად გამოაცხადა.
გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ქართულმა მართლმსაჯულებამ 2013 წლის 16 დეკემბერს დაუსწრებლად უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ დრომდე, უცნობია, რა გახდა 16 წლის გოგონას მკვლელობის მოტივი

.