დავით ჭიჭინაძე – დაანებონ იმ კაცს თავი, ივანიშვილს, ნუ ელოდებიან
დავით ჭიჭინაძე – დაანებონ იმ კაცს თავი, ივანიშვილს, ნუ ელოდებიან

A+ A-

04:37 15/10/2018

ჯერ კიდევ გაურკვეველია, უმრავლესობის ბედი დღეს გადაწყდება თუ ხვალ. სხდომა, სავარაუდოდ გადაიდო. თუმცა, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ამის შესახებ ჯერ არაფერი იცის.

“რატომ გადაიდო ან ვინ გადადო, რა უნდათ ვეღარ გავიგე. ქუთაისში ვინ ვერ ჩადის?! – ეს არის მიზეზი?! სამი-ოთხი კაცი ვართ, სულ გასასამართლებელი და რად უნდა ამას ამხელა შეკრებები?! – თქვან პირდაპირ. ჩვენ მზად ვართ, ყველანაირი გადაწყვეტილებაზე რეაგირებისთვის”, – განუცხადა „2020NEWS“-ს უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ.

შეკითხვაზე, სხდომის გადადების მიზეზი რამდენად შეიძლება ბიძინა ივანიშვილის პარლამენტში მისვლა და მოლოდინი იყოს, ამაზე დავით ჭიჭინაძე პასუხობს, რომ აქ ივანიშვილს ნურავინ ელოდება.

,,რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი?! – საერთოდ რატომ დაისვა ეს საკითხი და რატომ გაჩნდა მოლოდინი, რომ ივანიშვილი შესაძლოა უმრავლესობის სხდომას დასწრებოდა. ეს არის ჩვენი, პარტიის შიგნით გასარჩევი საკითხი. ან მოვგვარდებით ან გაგვასამართლებენ და ეგაა სულ. ჩემთვის ჯერ არავის უცნობებია, საერთოდ სხდომა თუ გადაიდო” , – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

როგორც ცნობილია, დღეს პოლიტიკური ვნებათაღელვის ეპიცენტრი ქუთაისშია, სადაც უმრავლესობის გაფართოებული შეხვედრა უნდა გაიმართოს. თუმცა, ვრცელდება ინფორმაციები, რომ შესაძლოა, ეს სხდომა გადაიდოს და მოგივიანებით თბილისში ჩატარდეს. დეპუტატები სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის და გიორგი კვირიკაშვილის დასწრებას მოითხოვენ.