“ქართული ოცნებას“ ურჩევნია, წითელ და მწვანე ღილაკებში გაერკვეს - დავით მაღრაძე
“ქართული ოცნებას“ ურჩევნია, წითელ და მწვანე ღილაკებში გაერკვეს - დავით მაღრაძე

A+ A-

×

15:26 15/04/2019

თვითონ “ქართული ოცნება“ რა პროცენტებს მიიღებს, იმაზე იფიქროს ურჩევნია, ვიდრე სხვების მოსალოდნელ რეიტინგებზე, რადგან როგორ კარგად ითვლის ,,ოცნება“ პროცენტებს, გამოჩნდა პირველ ტურში, - ამის შესახებ პოეტმა, „დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა დავით მაღრაძემ განაცხადა, რითაც პარლამენტის თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის პოზიციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ „დაიცავი საქართველოს“ არჩევნებში 3%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდება.

„დაიცავი საქართველოს“ დამფუძნებლის თქმით, იგი ჯერჯერობით პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას არ აპირებს და 2020 წლის არჩევნებში ამომრჩევლის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას და არა ასარჩევის.

„ამაზე მინდა ვუპასუხო ბატონ ივანიშვილს, რადგან კობახიძეს არ მგონია თავისი აზრი გააჩნდეს. ჯერ ერთი, მე არანაირი პარტია არ დამიფუძნებია, არც ვაპირებ მომავალში დავაფუძნო, ან რომელიმე პარტიაში გავწევრიანდე. მკაფიოდ განვაცხადე, რომ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას არ ვაპირებ. ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობის დასაწყისი და არა პოლიტიკური პარტიის შექმნის მცდელობა. შეიძლება, სამომავლოდ ეს მოხდეს, მაგრამ მე ახლა პოლიტიკურ, აქტიურ მოღვაწეობას არ ვაპირებ, ამიტომ 2020 წლის არჩევნებში მე ამომრჩევლის სტატუსით მივიღებ მონაწილეობას და არა ასარჩევის. თვითონ „ოცნება“ რა პროცენტებს მიიღებს, იმაზე იფიქროს ურჩევნია, ვიდრე სხვების მოსალოდნელ რეიტინგებზე, რადგან როგორ კარგად ითვლის „ოცნება“ პროცენტებს, გამოჩნდა პირველ ტურში, თან რომ იზეიმეს გამარჯვება. წითელ და მწვანე ღილაკებში გაერკვნენ, პროცენტებში გაერკვნენ და საერთოდ, მხარდამჭერი ჰყავთ თუ არა ამაშიც გაერკვნენ. რა ზნეობაა, სახლში რომ იჯექით და იქიდან უყურებდით ადამიანებს, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა და აი, ამ ბრძოლის მინუსად გამოცხადება, თუ არის ზნეობა?! ეროვნული ამოცანის ხარისხში ავა ის, რომ ,,ოცნება“ უნდა ჩამოცილდეს ხელისუფლებას ისე, რომ ,,ნაციონალები“ არ მობრუნდნენ,“ - განაცხადა დავით მაღრაძემ.