საქართველოს პრეზიდენტმა იორდანიის სენატის პრეზიდენტს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა იორდანიის სენატის პრეზიდენტს უმასპინძლა

A+ A-

×

16:41 15/04/2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ იორდანიის სენატის პრეზიდენტს ფეისალ ალ-ფაიეზის შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო - იორდანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის: ეკონომიკური, სავაჭრო, ტურიზმის, კულტურისა და განათლების კუთხით თანამშრომლობის გააქტიურებასა და გაფართოებას.

დელეგაციებმა შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს. სალომე ზურაბიშვილმა დადებითად შეაფასა ვიზიტის ფარგლებში, ფეისალ ალ-ფაიეზის საოკუპაციო ხაზთან, ოკუპანტების მიერ მავთულხლართებით გაყოფილ სოფელ ხურვალეთში გამგზავრება და აღნიშნა, რომ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტი, აღნიშნული სოფლის მონახულების შემდეგ, პირადად დარწმუნდება, თუ რამდენად რთულია, დედაქალაქთან ახლოს და ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ხაზის არსებობა.

საქართველოს პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით განაცხადა, რომ აღნიშნული კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა კულტურული კავშირების განვითარების პერსპექტივებსა და კლდეში ნაკვეთი ქალაქების კონსერვაციის მიმართულებით, იორდანიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

ასევე, მხარეებმა საქართველოში რელიგიური ტურიზმის განვითარების ზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.