7თვეში სკოლებიდან 900-მდე აკრძალული ნივთია ამოღებული
7თვეში სკოლებიდან  900-მდე აკრძალული ნივთია  ამოღებული

A+ A-

×

18:46 15/04/2019

ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკები და ადამიანის წამებისთვის განკუთვნილი ნივთები სკოლებში - ბოლო მონაცემებით, სასწავლო დაწესებულებებში უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა. მხოლოდ 7 თვის განმავლობაში სკოლებიდან 900 აკრძალული ნივთია ამოღებული, ფიქსირდება ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევები სკოლის ტერიტორიაზე. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დედაქალაქში.

სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე სკოლებში 66 ათასამდე დარღვევა გამოვლინდა და ამოღებულია 853 აკრძალული ნივთი.

იმ ნივთებს შორის, რომელიც მანდატურებმა ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებისგან ამოიღეს, არის ერთი ცეცხლსასროლი იარაღი, 56 დანა, 25 ბანქო, 3 ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერება. სკოლებში ასევე ამოღებულია 26 კასტეტი, 1 ელექტროშოკი, 33 ნარკოტიკის მოხმარებისთვის საჭირო ნივთი, 20 სავარაუდო ნარკოტიკის შეტანა სკოლის ტერიტორიაზე.

მანდატურის სამსახურში ამბობენ, რომ აუცილებელია აქტიური ნაბიჯების გადადგმა, რადგან მანდატურის სამსახურისთვის, უსაფრთხო გარემოს შექმნა, გამოწვევად რჩება. 

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის თქმით,  სტატისტიკა საგანგაშოა, თუმცა , მისი თქმითვე,  უფრო რთული მდგომარეობა შეიქმნებოდა, რეაგირება და პრევენცია რომ არ მომხდარიყო.

„ჩვენ შევძელით 800-ზე მეტი აკრძალული ნივთის ამოღება. ეს არის 800-ზე მეტი კონფლიქტის და დანაშაულის პრევენციის შედეგი. მანდატურის სამსახური რეგიონალური სამსახურები ძლიერდება,“- განაცხადა მარიამ ჯაშმა.