რუმინეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა
რუმინეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

A+ A-

×

18:57 15/04/2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა უმასპინძლა.

მამუკა ბახტაძემ და კლაუს იოჰანისმა პრეზიდენტის სასახლეში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და რუმინეთის მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებზე, ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალზე, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ამასთან, საუბარი შეეხო ენერგეტიკის სფეროში მსხვილი ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივას, რაც ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული მხარის მზადყოფნა, რომ ორმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიული ხარისხი მიენიჭოს, რაც საქართველოსა და რუმინეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხების უკეთ გადაწყვეტას მოემსახურება.

ხაზი გაესვა ევროკავშირის საბჭოში რუმინეთის პრეზიდენტობის აქტიური ძალისხმევის მნიშვნელობას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იდეის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და რუმინეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.

მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და რუმინეთის პრეზიდენტს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.