დასკვნა იქნება კრიტიკული - გიორგი მშვენიერაძე
დასკვნა იქნება კრიტიკული - გიორგი მშვენიერაძე

A+ A-

×

19:16 15/04/2019

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე ფარწმუნებულია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებს აწესებს, კრიტიკული იქნება.მისივე თქმით, დღევანდელი განხილვით უმრავლესობამ პოლიტიკურ ოპონენტებთან თავი დაიზღვია.

„არის რამდენიმე პრინციპული საკითხი, რაზეც ვერც ერთი თავმოყვარე იურისტი ვერ დაწერს სხვა რამეს. ეს არის ინტერესთა კონფლიქტი, ეს არის ე.წ. გამოცდის იმ სახით არსებობა, რასაც ხელისუფლება გვთავაზობდა და რაც ჩემი აზრით არის ბარიერი სასამართლოს მიღმა არსებული ადამიანებისთვის და არა მათი კვალიფიკაციის შესამოწმებელი. მჯერა, რომ ეს დასკვნა იქნება კრიტიკული, ხელისუფლებამ დღეს თავი დაიზღვია ამ განხილვით , რომ შემდგომ კომისიის დასკვნაზე ჰქონდეს პასუხები პოლიტიკური ოპონენტებისთვის პარლამენტში“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

გიორგი მშვენიერაძუს თქმითვე, თითოეულ სიტყვას, რომელიც კანონში ჩაიწერება, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

„ჩვენ ვთვლით, რომ თითოეული სიტყვისთვის ბრძოლას აქვს მნიშვნელობა და აქვს აზრი, თუმცა როგორც ხედავთ, ხელისუფლება არ არის მზად არსებით საკითხებთან დაკავშირებით დათანხმდეს ჩვენ შეთავაზებებს. ხელისუფლებას მყარად აქვს გადაწყვეტილი, არ დათმოს ისეთი არსებითი საკითხები, რომელიც გარკვეულწილად პრობლემას შეუქმნის „კლანს“ - იოლად მოახერხოს უზენაეს სასამართლოში საკუთარი კანდიდატების გაყვანა. მე ვთვლი, რომ ბრძოლას აქვს აზრი, რადგან ეს ბრძოლის მხოლოდ ნაწილია, რომელშიც პატარა წარმატებაც კი შესაძლებელია მნიშვნელოვან აგურად იქცეს შემდგომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების ნომინირების და მათი შერჩევის პროცესში“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.