ბათუმში ნაპოვნი ნეშტების დაკრძალვა გადაიდო
ბათუმში ნაპოვნი ნეშტების დაკრძალვა გადაიდო

A+ A-

×

20:29 15/04/2019

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებით, 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა დაკრძალვა 21 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა მოსამზადებელი სამუშაოების გამო, დაკრძალვის თარიღი გარკვეული ვადით გადაიდო. "მოგახსენებთ, რომ 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა დაკრძალვა დაგეგმილი იყო 21 აპრილს.
მოსამზადებელი სამუშაოების გამო დაკრძალვის თარიღი გარკვეული ვადით გადაიდო, რადგანაც იქმნება სამთავრობო კომისია, ასევე მოწვეულია სამხარაულის საექსპერტო ბიუროს ჯგუფი, რომელიც შექმნის დნმ-ისათვის საჭირო ბაზას და სამომავლოდ შთამომავლებს შესაძლებლობა ექნება დნმ-ის ანალიზის საშუალებით წინაპართა იდენტიფიცირების. დაკრძალვის ადგილსა და თარიღს წინასწარ გაცნობებთ",- აცხადებენ ეპარქიაში.

11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბათუმში სამარხში აღმოჩენილი ნეშტების შესასწავლად სპეციალური სამთავრობო კომისია შეიქმნება.

შეგახსენებთ, ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მდებარე საბანაკო შეკრების ბაზაზე 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს. მალევე განცხადება გაავრცელა მუსლიმთა კავშირმა თქვა, რომ რეპრესირებული ადამიანების უდიდესი ნაწილი მუსლიმია და აქედან გამომდინარე დაუშვებელია მუსლიმი ადამიანების სხვა სარწმუნოების წესებით გადასვენება. მოგვიანებით განცხადება გააკეთა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ და თქვა, რომ 21 აპრილს გაიმართება სამოქალაქო დაკრძალვა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად მოიწვევენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებსაც.