ოთხსულიანი ოჯახის არსებობისთვის თვეში 321 ლარია საკმარისი - საქსტატი
ოთხსულიანი ოჯახის არსებობისთვის თვეში 321 ლარია საკმარისი - საქსტატი

A+ A-

×

21:19 15/04/2019

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, მიმდინარე წლის მარტში, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 181 ლარის დონეზე განსაზღვრა. ეს მაჩვენებელი მხოლოდ ოთხი ლარით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 2019 წლის თებერვალთან შედარებით კი 2 ლარით არის გაზრდილი.

სტატისტიკოსების გათვლებით, ოთხსულიანი ოჯახის არსებობისთვის 321 ლარია საკმარისი. ამ შემთხვევაში, ეს მონაცემები 2018 წლის მარტთან შედარებით რვა ლარით გაიზარდა.

ამავე მონაცემებით, ექვსი და მეტ სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 427 ლარის დონეზე განისაზღვრა, 10 ლარით მეტი წინა წლის მარტთან.

ცნობისათვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. თავის მხრივ, მინიმალური სასურსათო კალათა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს.

საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან ესენია – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

თავდაპირველად საარსებო მინიმუმის ღირებულება საქართველოს ხუთი ქალაქის ფასების საფუძველზე ითვლება – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი და თელავი. თითოეულ ქალაქში სასურსათო კალათის თითოეული პროდუქტისათვის საშუალო ფასის დადგენა ხდება. შემდეგ ეტაპზე ხორციელდება თითოეული პროდუქტისათვის საშუალო ფასის გაანგარიშება მთელი ქვეყნისათვის.