პარიზის ტაძრებში ზარებს რეკენ (ვიდეო)
პარიზის ტაძრებში ზარებს რეკენ (ვიდეო)

A+ A-

01:13 16/04/2019

ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის გამო სოლიდარობის ნიშნად პარიზის სხვა ტაძრებში ზარებს რეკენ. ვიდეომასალას მომხმარებლები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს უკვე რამდენიმე საათია, 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძვის.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, მთელი ძალისხმევა ღვთისმშობლის ტაძრის ჩრდილოეთის კოშკის გადარჩენისკენაა მიმართული.

ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტაძარში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ყველა ზომას მიმართავენ, გარდა სახანძრო ვერტმფრენებისა, რადგან სახანძრო ვერტმფრენების გამოყენებით დაინგრევა ის კონსტრუქციებიც, რომელთა გადარჩენის შანსი არსებობს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლორან ნუნესი აცხადებს, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის ლიკვიდაციისთვის კიდევ სამი-ოთხი საათია საჭირო. ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

ლორან ნუნესმა აღნიშნა, რომ საკათედრო ტაძრის ძირითადი საყრდენი კონსტრუქცია გადარჩენილია.

სააგენტო „როიტერი“ სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ მეხანძრეებმა ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს.

ტელეკომპანია BFMTV-ს ინფორმაციით , პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შიდა სტრუქტურა, სიწმინდეები და ექსპონატები დაცული და გადარჩენილია. დაიწვა უძველესი ორღანი.