პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რა ნაწილი განადგურდა ხანძრის შედეგად
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რა ნაწილი განადგურდა ხანძრის შედეგად

A+ A-

10:36 16/04/2019

 „ბიბისი“ გრაფიკულ გამოსახულებას ავრცელებს, რომელზეც ჩანს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რა ნაწილი განადგურდა ხანძრის შედეგად. როგორც ფოტოზე ჩანს ხანძარმა მთლიანად მოიცვა ჯვრის ფორმის გუმბათი, მასზე აღმართული სვეტის ჩათვლით, რომელიც შემდეგ ჩაინგრა. ხანძარს გადაურჩა ტაძრის წინა ნაწილი, ორი მთავარი კოშკის ჩათვლით. ამასთან, როგორც პარიზის მერმა, ანა იდალგომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, გადარჩა ტაძრის საკურთხეველი. მისი თქმით, ვითარება არც ისე ცუდადაა, როგორც წარმოედგინა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც სახანძრო სამსახურში განაცხადეს, ხანძარი ამჟამად კონტროლს ექვემდებარება. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს რამდენიმე საათიის განმავლობაში დაახლოებით 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძოდა. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს.

ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა ხანძარს გადაურჩა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან არის აცილებული და ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყება დააანონსა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა იუნესკო-მ. პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.