ყველა რელიქვია გადარჩენილია - პარიზის მერი
ყველა რელიქვია გადარჩენილია - პარიზის მერი

A+ A-

11:42 16/04/2019

მეხანძრეებმა გადაარჩინეს ყველა რელიგიური არტეფაქტი, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ინახებოდა. ამის შესახებ საფრანგეთის დედაქალაქის მერმა ან იდალგომ განაცხადა. მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე გადარჩენილი რელიქვიების ნაწილის ამსახველ ფოტოც გამოაქვეყნა.

"ყველა რელიქვია, მათ შორის ქრისტეს ეკლის გვირგვინი და ლუი IX-ის ტუნიკა გადარჩენილია. მთელი მსოფლიოდან გვირეკავენ, რადგან ეს მსოფლიო მასშტაბის ტრაგედიაა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ზარების ხმა ბუენოს-აირესშიც ისმოდა“, - წერს იდალგო Twitter-ის საკუთარ გვერდზე და გადარჩენილი რელიქვიების ნაწილის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

ხანძრის შედეგად განადგურდა ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი შპილი, რომლის ჩამონგრევის კადრებმა მთელი მსოფლიო მოიცვა.

ამასთან, ხანძარი არ შეხებია ტაძრის წინა, დასავლეთ ნაწილში მდებარე მრგვალ სარკმელს - ვარდულს და ორ მთავარ კოშკს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მრგვალი სარკმელები სავარაუდოდ განადგურდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნოტრ-დამის აღდგენის პირობა დადო. მისი თქმით, ტაძრის რესტავრაციის შემოწირულობისთვის ანგარიში გაიხსნება. ამასთან, ფრანგი მილიარდერი ნოტრ-დამის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გადარიცხავს.