რას უპირებენ ბიძინა ივანიშვილს? რას ჰყვება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი?!
რას უპირებენ ბიძინა ივანიშვილს? რას ჰყვება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი?!

A+ A-

04:40 15/10/2018

“ქართულ ოცნებაში“ ვითარება იმაზე მძიმედ არის, ვიდრე ეს მის დამფუძნებელს და რეალურ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ჰგონია. შიდა დინებები, რომელიც პოლიტიკური კულუარებიდან გამოვიდა, ჯერ კიდევ თვითმმართველობის არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყო, თუმცა ამ დრომდე მისი დამალვა, დიდი ძალისხმევით მოხერხდა. ამ ამბავში განსაკუთრებული და გადამწყვეტი როლი სუს-მა ითამაშა.

ვახტანგ გომელაურის უწყებაში ყველაზე დევს „რაღაც ისეთი“, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატების „თვინიერებას და მორჩილებას უზრუნველყოფს“. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს საკმარისი აღარ აირს – „ქართულ ოცნებაში“ შეუქცევადი პროცესები დაიწყო.

“2020NEWS“-ს მმართველი გუნდის ერთ-ერთი სახე საკუთარი ინიცატივით დაუკავშირდა და კულუარული ინფორმაციები მიაწოდა, ცხადია კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიით. ჯერ ვიფიქრეთ, რომ არ გაგვეშვა მისი მონათხრობი, ჭორაობა რომ არ დაგვწამოს ვინმემ. მითუმეტეს, რომ წყაროს არ ვასახელებთ, მაგრამ რადგან იგი ერთ-ერთი აქტიური სახეა და „ქართული ოცნება“ მმართველი გუნდი, რომელსაც ყველა ინსტიტუცია დაქვემდებარებული აქვს, გადაწყვეტილება შევცვალეთ და მის ამ მონათხრობს ყოველგვარი ინტერპრეტაციის და შეფასების გარეშე გთავაზობთ:

“დაძაბულობა, მართლა კობახიძის უტაქტო ფრაზებმა კი არ გამოიწვია, ვის რაში აინტერესებს ირაკლი კობახიძე ვის რა სანქციას დაუწესებს ან ვინ დაუჯერებს მას?! ამ სკანდალის სათავე და საფუძველი მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებია. ამბავი მდგომარეობს იმაში, რომ ,,ოცნების” ძველ წევრებს, ანუ იმათ, ვინც რეალურად იბრძოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ვინც გარისკა და დაუპირისპირდა მაშინ სააკაშვილს, ივანიშვილს, ადეიშვილს და ა.შ. აქვთ ამბიცია და თვლიან, რომ ჩუგოშვილი, კობახიძე, ზარდიაშვილი, თალაკვაძე და ე.წ. ახლები, საერთოდ უნდა დადუმდნენ, როდესაც “უფროსები” ლაპარაკობენ. ამ ხალხმა ივანიშვილს განუცხადა, რომ უმრავლესობის საპრეზიდენტო კანდიდატი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უნდა იყოს. ივანიშვილი ამ კანდიდატურას დათანხმდა. თუმცა ყველამ იცის, რომ კალაძე-კობახიძის გუნდს სხვა საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს – არჩილ თალაკვაძე. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს მათ თალაკვაძე შესთავაზეს. მათაც თანხმობა მიიღეს – მომავალი ახალგაზრდების არისო!

ამით გათამამებულმა ბოკერიას ფრთის ქვეშ გამოზრდილმა „ენჯეოშნიკებმა“,“ძველები“ აღარც შეიმჩნიეს და საოცნებო მომავლის აშენება დაიწყეს. აქ მთავარი ის არის, რომ ივანიშვილმა ორივე მხარე დააიმედა და რეალურად არც ერთმა არ იცის, რას მოიმოქმედებს ივანიშვილი. მას ახლა სხვა გზა არც აქვს, როგორმე საპრეზიდენტო არჩევნები ისე გადააგოროს, რომ პარტია არ დაეშალოს. თუ ის კვირიკაშვილის კანდიდატურას წარადგენს, ,,ახლები” გაბრაზდებიან და კაცმა არ იცის რა შეტევას განახორციელებენ, თუმცა სულ რომ ვერაფერი ქნან და მხოლოდ ილაპარაკონ, ესეც ,,ოცნების” დაშლას გამოიწვევს.

უარესი სიტუაცია აქვს ,,ძველებში.” იქ უკვე ტექსტიც კი მზად აქვთ, რითაც გამოვლენ. ისინი ნამდვილად შექმნიან პრობლემას. გამოვლენ და მოსახლეობას ეტყვიან, რომ ბიძინა ივანიშვილში შეცდნენ, რომ არც ერთი დაპირება არ შესრულდა, რომ იმისთვის კი არ დაუპირისპირდნენ სააკაშვილს და იმისთვის კი არ გარისკეს, რომ ქვეყანა სიღარიბეში ჩაფლულიყო, რომ კრიმინალი გაზრდილიყო, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება, რუსეთთან ურთუერთობების მოგვარება და კიდევ სხვა დაპირებები, დაპირებებად არ დარჩენილიყო. ერთი სიტყვით, „ძველი ოცნებელები“ გაცილებით სერიოზულად ემზადებიან გახლეჩვისთვის, ვიდრე კალაძე-კობახიძის გუნდი. მათ „ოცნების“ გახლეჩვა ჯერ არ აწყობთ. ეს ძალიან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ ის ჯერ არც უმრავლესობის სხდომაზე მივა და არც ხმას ამოიღებს. პარლელურად, ურთიერთობებს არკვევს და ალაგებს ბოკერია-უგულავას გუნდთან და გეგმავს, როგორ შექმნას ,,ახალი პოლიტიკური ოჯახი” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. დასავლეთის, აშშ-სთვისაც ექნება სათქმელი – ახალი ძალა მოდის, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაამართლა, ახლა ახალი გამოწვევებისთვის ახალი სისხლია საჭიროო. ბოკერია-უგულავას გუნდს ასეთი სცენარი, ცხადია აწყობს. ერთი პატრონი სააკაშვილი ახალი პატრონით ჩაანაცვლეს – ბიძინა ივანიშვილი უფრო საჭირო ბელადია მათთვის ახლა, რადგან სააკაშვილის დრო წავიდა“, – აცხადებს „ოცნებელი“ ინფორმატორი.

“2020NEWS“: ბოლო დროს მედიაში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აღნიშნული ინფორმაცია შესაძლოა, სიმართლესთან ახლოს იყოს, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა სააგენტო ამ საკითხს კომენტარის და შეფასებების გარეშე გთავაზობთ. შეაფასეთ, განიხილეთ, გაანალიზეთ და დასკვნები თავად გამოიტანეთ!