რატომ არ უყვარდათ ერთმანეთი ბადრი პატარკაციშვილს და ბიძინა ივანიშვილს?
რატომ არ უყვარდათ ერთმანეთი ბადრი პატარკაციშვილს და ბიძინა ივანიშვილს?

A+ A-

×

12:07 19/04/2019

საქართველოს ბევრი ოლიგარქი არ ჰყოლია. სულ ორი ოლიგარქიდან ერთი მათგანი, ბადრი პატარკაციშვილი დღეს ცოცხალი აღარ არის. ბიძინა ივანიშვილი კი ქვეყნის ფაქტობრივი მმართველია.

"2020NEWS" შეეცადა, გაერკვია, ჰგვანან თუ არა ქართველი ოლიგარქები ერთმანეთს. "2020NEWS" ვალერი გელბახიანს დაუკავშირდა, რომელიც ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო. გელბახიანს ბიზნესმენთან საქმიანი ურთიერთობის გარდა, მეგობრობაც აკავშირებდა.

ვალერი გელბახიანი:

- სიმართლე გითხრათ, ბიძინა ივანიშვილს პირადად არ ვიცნობ. არ მისაუბრია მასთან და არ ვიცი, მისი აზრები და შეხედულებები. რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილს, მას ძალიან ახლოს ვიცნობდი, ვმეგობრობდით. შემიძლია, გითხრათ, რომ კეთილშობილი ადამიანი იყო. მხოლოდ იმას ცდილობდა, რომ ადამიანებისთვის გაეგო. მე პირადად შევსწრებივარ სიტუაციას, რომ ვინმეს უთქვამს, ამ წუთში არ მაქვს ფული და მოგვიანებით დაგიბრუნებო. ბადრის ჩემი თანდასწრებით უთქვამს, რომ შენ არავინ არ გთხოვს. თუ გექნება, მოიტანე, თუ არადა, ღმერთმა შეგარგოსო. მევახშის პოზიცია არ ჰქონია არასდროს. ჩემთან საუბარში უთქვამს, როდესაც მენეჯერს ვქირაობ, მათ განსაკუთრებით არ ვაკონტროლებო. ვიცი, რომ აუცილებლად მომპარავს და ამ ქურდობას ვეგუები, მაგრამ თუ მოგების 20%-ზე მეტი მომპარეს, მაშინ აღარ ვაპატიებო.

- ამართლებდა ასეთი პოზიცია?

- როგორც ჩანს, ამართლებდა. გამართლებული რომ არ ყოფილიყო ეს მეთოდი, წლების განმავლობაში, არ გამოიყენებდა.

- როგორ სჯიდა ხოლმე იმ მენეჯერებს, ვინც მოგების 20%-ზე მეტს პარავდა?

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი დასჯაში რას გულისხმობდა, სამართლებრივს თუ ადამიანურს. მაგრამ უთქვამს, რომ ადამიანი რომ გაღორდება, ის უნდა დაისაჯოსო. ბადრის უყვარდა ადამიანებთან კომუნიკაციაში ადვილად შესვლა. მაგალითად, ადამიანებთან ურთიერთობას იწყებდა ასე, ეუბნებოდა,მოდი, ნარდი ვითამაშოთო.

- როგორც ივანიშვილის მეგობრებისგან ვიცი, ნარდის თამაში მასაც უყვარს.

- ვერ გეტყვით. ამბობენ, ივანიშვილს კარტის თამაში უყვარსო. თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ბადრის თამაშის დროს ხუმრობა უყვარდა. ასევე უყვარდა კაზინოში თამაში. ერთხელ კაზინოში დიდი თანხა მოიგო. მითხრა, ასე მოგებულ ფულს სახლში არ წავიღებ, რამდენიმე გაჭირვებულ მწერალს და მსახიობს ვაჩუქოთო, ასეც მოიქცა (იმ მსახიობების და მწერლების ვინაობის დასახელებას ახლა აზრი არ აქვს). ასეთი თვისებები ჰქონდა, სიურპრიზები უყვარდა. სუფრაზე იყო გადასარევი მოქეიფე. სადღეგრძელოებს ლექსად ამბობდა. დალევაზე ზღვარს არ აწესებდა. ერთ ჭიქას დავლევ და მეტს არაო, არ ამბობდა ხოლმე. დაიწყებდა ქეიფს და ბოლომდე მიყვებოდა. ასეთი ადამიანური თვისებები ჰქონდა, არ ჰგავდა სხვა ოლიგარქებს. ბადრი პატარკაციშვილი ძალიან თავისუფალი კაცი იყო.

- თქვენი აზრით, ეს ორი ოლიგარქი რამით გვანან ერთმანეთს?

- ბადრის არ ჰქონდა ისეთი წარმოდგენა, რომ რასაც იტყოდა, ის სრული ჭეშმარიტება იყო. კამათი უყვარდა. ამბობდა, მე ასე ვფიქრობ, მაგრამ მოდი, საპირისპირო მოვისმინოთო. მათ შორის მე და ბადრისაც გვიკამათია ბევრ საკითხზე. შეიძლება, სამართლებრივად რაღაც მოვლენა არ ესმოდა. არ დადებდა თავს გინდა თუ არა, ასე არისო. თავის აზრს აფიქსირებდა, მაგრამ აკვიატებული აზრები არ ჰქონდა. მე, მაგალითად, არ შევსწრებივარ მომენტს, რომ ბადრის რაიმე ეთქვას და ვიღაც გაჩუმებულიყოს, თავი დაეხარა და მოსწონდა თუ არ მოსწონდა, მორჩილება გამოეხატა.

- ამბობენ, ბადრი პატარკაციშვილსა და ბიძინა ივანიშვილს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ. თქვენ ამის შესახებ რა იცით?

- შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად ასე იყო. ნამდვილად არ უყვარდათ ერთმანეთი.

- მიზეზი რა იყო, იცით?

- ბადრისთვის რომ მოგესმინათ, მიზეზი ბიძინაში იყო. ბიძინა საპირისპიროს ამბობდა. საჩხერელი კაცი ვარ და მიკითხავს ბადრისთვის, რატომ ვერ უგებთ ერთმანეთს- მეთქი და ბადრიმ მითხრა ბიძინას ჰკითხეო. 2003 წელს საჩხერეში მაჟორიტარ დეპუტატად რომ ვიყრიდი კენჭს, მივედი ბადრისთან და ვუთხარი - უპარტიოდ უნდა ვიყარო კენჭი ჩემს რაიონში, ბიძინას არ ვიცნობ, კარგი იქნება, შენ თუ დაურეკავ და თუ გეტყვის, რომ თავისი კანდიდატი ჰყავს, მე არ ვიყრი კენჭს-მეთქი. ბადრიმ დაურეკა ჩემთან ერთად. ბიძინამ თავი გაიგიჟა, არა, არავის დავაყენებ კანდიდატადო. მერე მაინც დააყენა თავისი კანდიდატი. ეს აშკარად ბადრის ჯინაზე გააკეთა. მაშინ არჩევნები მოვიგე, მერე აღმოჩნდა, რომ ამის გამო გამინაწყენდა. ბევრ ოლიგარქს შევხვედრივარ, ერთი პერიოდი აჭარაშიც ვმუშაობდი ასლან აბაშიძესთან. იმ პერიოდში, რუს ოლიგაირქებთან ხშირი ურთიერთობა მქონდა. ისინი ბიძინა ივანიშვილს ჰგავდნენ. თავიანთ ნათქვამს ბოლომდე აწვებოდნენ, სხვისი აზრი არაფრად არ მიაჩნდათ. თითქმის ყველას ეს თვისება შევამჩნიე, მაგრამ ბადრი მათგან აბსოლუტურად განსხვავდებოდა.

_ გჯერათ, რომ ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა?

_ ამას არ დავიჯერებ, სანამ ცოცხალი ვარ. ვისზე მაქვს ეჭვი, ხმამაღლა არ ვისაუბრებ. მე კითხვები მაქვს მის ოჯახთან, რომლებიც ამ საქმეს ბოლომდე არ მიყვნენ. პატარკაციშვილის სიკვდილში ბევრი ინტერესი იკვეთება. როგორც პოლიტიკური, ასევე საოჯახო. ყველაფერი ერთმენთშია გადახლართული. მაგრამ მტკიცებულებების გარეშე ჩემს ეჭვებზე ხმამაღლა ვერ ვისუბრებ.