ქუცნაშვილმა საკუთარ რესტორანში დეპუტატები აქეიფა, ხარჯები კი თიანეთის გამგეობამ გადაიხადა
ქუცნაშვილმა საკუთარ რესტორანში დეპუტატები აქეიფა, ხარჯები კი თიანეთის გამგეობამ გადაიხადა

A+ A-

×

17:36 20/04/2019

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის კუთვნილ რესტორან „ერწოს იდილიაში“, რომელიც თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფელში მდებარეობს, პირადად მისი და 3 სხვა პარლამენტარის ქეიფის ხარჯი, 2017 წლის 10 აგვისტოს, თიანეთის გამგეობამ გადაიხადა. იმ პერიოდში თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ქუცნაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი ლელა ქიტესაშვილი იყო.

სააგენტო „რეგინფოს“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად, თიანეთში იმყოფებოდნენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, მისი მოადგილეები ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, ასევე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენელი თეონა ყუფუნია.

ზაქარია ქუცნაშვილმა სტუმრებს საკუთარ რესტორან „ერწოს იდილიაში“ უმასპინძლა, თუმცა სუფრის მთლიანი დანახარჯი - 459 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, კერძოდ, წარმომადგენლობითი ხარჯებიდან, თიანეთის გამგეობამ გადაიხადა.  

სარესტორნო მომსახურების დოკუმენტში (ინვოისში) მითითებულია სუფრის მენიუ და ფასები: დამბალი ხაჭო, - 4 ულუფა, ღირებულება 40 ლარი; ქათმის სალათი, - 4 ულუფა, ღირებულება 32 ლარი; ღორის მწვადი, - 6 ულუფა, ღირებულება 54 ლარი; ქამა სოკო კეცზე, - 4 ულუფა, ღირებულება 32 ლარი; ხაჭაპური „მთიულური“, - 3 ცალი, ღირებულება 27 ლარი; ბადრიჯანი ნიგვზით, - 3 ულუფა, ღირებულება 21 ლარი; პური, - 6 ცალი, ღირებულება 12 ლარი; ხინკალი „მთიულური“, - 60 ცალი, ღირებულება 45 ლარი; კალმახი კარტოფილით, - 6 ულუფა, ღირებულება 54 ლარი; მწნილის ასორტი, - 4 ულუფა, ღირებულება 16 ლარი; ყველის ასორტი, - 3 ულუფა, ღირებულება 18 ლარი; ტყემალი, - 4 ულუფა, ღირებულება 8 ლარი; სალათი (კიტრი და პამიდორი), - 4 ულუფა, ღირებულება 20 ლარი; საზამთრო და ნესვი, - 3 ცალი, ღირებულება 24 ლარი; ბორჯომი, - 6 ბოთლი, ღირებულება 12 ლარი; ლიმონათი, - 8 ბოთლი, ღირებულება 16 ლარი; ქვევრის ღვინო, - 7 ლიტრი, ღირებულება 28 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 12 აგვისტოს თიანეთის გამგეობის წარმომადგენლებმა იმავე რესტორანში უმასპინძლეს სახალხო დღესასწაულ „თიანეთობაზე“ ჩასულ სტუმრებსაც, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს 8205 ლარი დაუჯდა.

იმავე წლის 22 ივლისს, სოფელ ზარიძეებში ზურაბ იარაჯულის სახელობის სკვერის გახსნაზე ჩასული სტუმრების კვებით მომსახურება ასევე ზაქარია ქუცნაშვილის კუთვნილ რესტორანში განხორციელდა, რაშიც თიანეთის გამგეობამ 2275 ლარი გადაიხადა.    

რესტორანი „ერწოს იდილია“ 2013 წლის ნოემბრიდან 3 ფიზიკური პირის მიერ შექმნილი ამხანაგობის საკუთრებაა. მასში 70 % წილს ზაქარია ქუცნაშვილი ფლობს, დანარჩენი 30 % კი რევაზ ბოდაველისა და ელგუჯა ჩოლოგაურის მფლობელობაშია.

წყარო: რეგინფო