ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა – ეტყობა მეორედ მოსვლა დაიწყო
ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა – ეტყობა მეორედ მოსვლა დაიწყო

A+ A-

04:44 15/10/2018

“რაღაც უბედურება უნდა მოხდეს, რომ ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობა დადგეს”, – ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა 2015 წელს გააკეთა. ახლა საქართველოს პოლიტიკურ კალენდარზე 2018 წელია. ეტყობა მეორედ მოსვლა დაიწყო!!!

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშილის განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ბიძინა ივანიშვილის უხელმძღვანელებს.

ეს განცხადება მოქმედმა პრემიერმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტს გიორგი კვირიკაშვილი ტოვებს.

როგორც პრემიერმა განაცხადა, მან პირადად, მთელი გუნდის სახელით შესთავაზა ივანიშვილს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას.

„მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრს სჯერა, რომ „ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად ძალუძს გააძლიეროს მთავარი პოლიტიკური ბირთვი პარტიის თავმჯდომარის რანგში“.

„ყველასთვის ნათელია, თუ რამდენად დიდია ჩვენი გუნდისთვის მისი დამაარსებლის, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ, რომ პირადად ჩემი და მთელი გუნდის სახელით მე შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს ჩვენს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა. მას ყველაზე მეტად ძალუძს გააძლიეროს მთავარი პოლიტიკური ბირთვი პარტიის თავმჯდომარის რანგში, შესძინოს მეტი და ახალი დინამიკა შემდგომი განვითარებისთვის, მეტი ეფექტურობისთვის და პროგრესისთვის, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას და თვითმმართველ ორგანოებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით ეკავა.
ივანიშვილის შემდეგ პრემიერის პოსტი ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიბარა და „ოცნების“ მთავრობას 2015 წლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. ღარიბაშვილის მემკვიდრე კი ამ დრომდე გიორგი კვირიკაშვილია.

ცნობისთვის: 2015 წლის იანვარში ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში თქვა, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნება არასწორი იქნებოდა და დაბრუნება მეორედ მოსვლას შეადარა.
“პოლიტიკიდან წამოსვლის წინ გავაკეთე ბევრჯერ განმარტება. საზოგადოებამ ამ 20 წლის განმავლობაში გაიგო, რა არის ხელისუფლება და გაიგო, რომ ხელისუფლება უნდა ექვემდებარებოდეს კონტროლს. “ნაციონალური მოძრაობის” დროს საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ თუ არ აკონტროლე, შეიძლება მივიღოთ ის, რაც მივიღეთ – ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა ხალხზე. თუ საზოგადოება მოახერხებს მართვას, ხელისუფლება იქნება ისეთი, როგორიც სურს საზოგადოებას. ის ჭარბი ნდობა, რაც გამაჩნდა საზოგადოებისგან, საზიანო იქნებოდა ქვეყნისთვის. ჭარბი ნდობა მოადუნებდა იმ მუხტის განვითარებას, რათა საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ პატრონი ამ ქვეყნის არის საზოგადოება. აქედან გამომდინარე, ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება არ იქნება სწორი, თუ ამის აუცილებლობა არ დადგა და ღმერთმა ნუ ქნას დადგეს. მეორედ მოსვლას ვადარებ ჩემს მოსვლას. რაღაც უბედურება უნდა მოხდეს ამისთვის”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ის პოლიტიკიდან ნებივრობისთვის არ წასულა.

“რაღაც უბედურება უნდა მოხდეს, რომ ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობა დადგეს. მე არ წამოვედი იმიტომ, რომ ვნებივრობ. მე დღეს იქ ვარ, სადაც ჩემს ყოფნას მეტი ფასი აქვს. მე აქ იმიტომ, ვარ რომ გავაკეთო ჩემი გასაკეთებელი”, – აღნიშნა ივანიშვილმა.