ასლან ბჟანია მოწამლეს
ასლან ბჟანია მოწამლეს

A+ A-

×

18:56 23/04/2019

აფხაზეთის 2019 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატის, ოპოზიციონერი ასლან ბჟანიას შესაძლო მოწამვლის შესახებ გაჩენილი ეჭვი უფრო მეტად გამყარდა. მოსკოვის საავადმყოფოში გამოკველავაზე იგივე სიმპტომებით ბჟანიას პირადი დაცვის ორი წევრი გადაიყვანეს. ამის შესახებ ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა თეიმურაზ ხიშბამ განაცხადა.

ხიშბას თქმით, ოპოზიცია გადადის მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე და ელოდებიან მათი ლიდერის დაბრუნებას. იგი იმედს გამოთქვამს, რომ ასლან ბჟანია მალე დაბრუნდება და თავის პოლიტიკურ მოღვაწეობას გააგრძელებს. ოპოზიცია აპირებს, რომ უფრო აქტიურად დაიწყონ წინასაარჩევნო კამპანია.

„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა გაძლიერებულ რეჟიმში. ოპოზიციის ლიდერის დაბრუნებას ველოდებით. დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს მომავალში ის დაბრუნდება და გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას აქტიური ფორმით," - განაცხადა თეიმურაზ ხიშბამ.

ცნობისათვის, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია შეიძლება მოწამლული იყოს, სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ამ ცნობების თანახმად, ბჟანიამ პარასკევს მოულოდნელად ცუდად იგრძნო თავი და იგი სასწრაფოდ სოჭში გადაიყვანეს.

მისი მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა, იმდენად, რომ ბჟანია კომაში ჩავარდა. სოჭში ექიმებმა მას მოწამვლა დაუდგინეს, მაგრამ ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს, რის გამოც ბჟანია საბოლოოდ მოსკოვში გადაიყვანეს სამკურნალოდ. ოფიციალური ცნობით, მას ფილტვების ანთება აქვს.

შეგახსენებთ, რომ სეპარატისტულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 21 ივლისსაა დანიშნული, სადაც მოქმედი „პრეზიდენტის" რაულ ხაჯიმბას მთავარ კონკურენტად სწორედ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია მიიჩნევა.

წყარო: "რეზონანსი"