რა უნდა ვიცოდეთ სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ?
რა უნდა ვიცოდეთ სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ?

A+ A-

15:11 24/04/2019

23 აპრილს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ მასშტაბური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა 5მკგ/დლ-ზე (მიკროგრამი დეცილიტრზე) მეტი და 10 მკგ/დლ-ზე ნაკლები აქვს. იმ მცირეწლოვანთა რაოდენობა კი, რომელთა სისხლშიც ტყვიის შემცველობა 10 მკგ/დლ-ს აღემატება, 16%-ს შეადგენს. განსხვავებული მაჩვენებელია რეგიონების მიხედვითაც. საინტერესოა, რომ ქალაქში მცხოვრები ბავშვების სისხლში ტყვიის უფრო დაბალი შემცველობა დაფიქსირდა, ვიდრე სოფლად. რა იწვევს ტყვიით ინტოქსიკაციას? როგორ დავიცვათ ბავშვები ამ პრობლემისგან და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

საიდან და როგორ ხვდება ტყვია სისხლში?

ტყვია არის მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში დაგროვების შემთხვევაში ბევრ უარყოფით შედეგს იწვევს. ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის რამდენიმე გზა არსებობს. ეს შეიძლება იყოს ინდუსტრიული ნარჩენითა და ტყვიის შემცველი საწვავით გაჯერებული ჰაერი, რომელიც გარემოს აბინძურებს. ამ დროს ტყვია ხვდება ატმოსფეროსა და წყალში. საშიშიშია ტყვიის შემცველი საღებავი, რომელსაც საყოფაცხოვრებო დანიშნულებით იყენებენ. საფრთხე მოდის ინდუსტრიული ნარჩენებითა და საწვავით დაბინძურებული ნიადაგისგან, რომელზე მოწეული მოსავალიც ტყვიას შეიცავს. ბოლო წლებში ტყვიის მაღალი მაჩვენებელი სათამაშოებში, სამკაულებსა და პარფიუმერულ ნაწარმშიც აღმოაჩინეს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ტყვიით ინტოქსიკაციის წყაროების ზოგადი რიგითობა მათი აქტუალობის მიხედვით არ არსებობს. ეს კონკრეტულ ქვეყნებზეა დამოკიდებული. მსოფლიო გამოცდილებით, წინა პლანზე წამოიწია ტყვიის შემცველმა საღებავმა და ამ ნივთიერებებით გაფორმებულმა სათამაშოებმა, თუმცა რამდენად აქტუალურია ეს საქართველოში, ამაზე საუბარს სპეციალისტები ნაადრევად მიიჩნევენ და ამ ეტაპზე მხოლოდ ინტოქსიკაციის შესაძლო წყაროების დასახელებით შემოიფარგლებიან.

კვლევის ავტორების ცნობით, გამოვლინდა დაბინძურების ცალკეული შემთხვევები, რომლებიც, მართალია, ვერ განზოგადდება, მაგრამ ნამდვილად საყურადღებოა. მაგალითისთვის, ერთ-ერთ ოჯახში ინტოქსიკაციის წყარო აღმოჩნდა სამზარეულოში არსებული ტყვიის ნაჭერი, რომელსაც კაკლისა და თხილის სამტვრევად იყენებდნენ. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მონადირეები ტყვიას სახლში ინახავდნენ და ბავშვის სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა სწორედ ამის გამო გაჩნდა. ერთ-ერთ ოჯახში კი აკუმულატორი იყო განთავსებული ისეთ ადგილზე, სადაც ბავშვი თამაშობდა და დაბინძურების წყაროც სწორედ ეს დანადგარი აღმოჩნდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში ეთანხმებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასკვნას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში არსებული ბენზინი ტყვიას არ შეიცავს. სპეციალისტთა განმარტებით, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ თბილისში მცხოვრები ბავშვების სისხლში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, არადა დედაქალაქში ბენზინს ყველაზე დიდი რაოდენობით მოიხმარენ. სპეციალისტთა ვარაუდით, ტყვია არც წყალშია, რადგანაც საქართველოში ტყვიის შემცველი მილები არ არსებობს. თუმცა გრძელდება უფრო საფუძვლიანი კვლევები, რომლებშიც ჩართულები არიან როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა ორგანიზაციის წევრები, რომლებსაც ტყვიით ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით დიდი გამოცდილება აქვთ.

შესაძლებელია თუ არა ტყვიით ინტოქსიკაციის პრევენცია?

დიახ და ძალიან მარტივადაც. პირველ რიგში, ბავშვმა თამაშის დასრულების შემდეგ ხელები აუცილებლად უნდა დაიბანოს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ხელის დაბანა ტყვიით ინტოქსიკაციის რიკს 80%-ით ამცირებს. მნიშვნელოვანია, ხშირად გარეცხოთ ბავშვის სათამაშოები. ტყვიით მოწამვლის რიკს სველი წესით სახლის დალაგებაც ამცირებს, რადგან თუ მტვერი ტყვიას შეიცავს, ბავშვს ინტოქსიკაციას აარიდებთ. აუცილებელია მცირეწლოვანთა ბალანსირებული კვება, რათა არ განვითარდეს რკინადეფიციტური ანემია. ბავშვმა უნდა მიიღოს კალციუმითა და C ვიტამინით მდიდარი საკვები. გააკეთეთ მაქსიმუმი იმისთის, რომ გარემოში, სადაც თქვენი შვილი იზრდება, ტყვიის შემცველობა მინიმუმადე შეამციროთ. ასევე შეგიძლიათ პროფილაქტიკის მიზნით გადაამოწმოთ სისხლში ტყვიის შემცველობა. ეს მაჩვენებელი კაპილარულ სისხლში სწრაფი ტესტით დგინდება.

 

ჩემი შვილის სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა. ვის მივმართო?

უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს ან პედიატრს, რომელიც, თუკი ამის საჭიროებას დაინახავს, სხვადასხვა ლაბორატორიულ გამოკვლევას დანიშნავს. ეს, შესაძლოა, იყოს სისხლში ფერიტინის შემცველობა, C რეაქტიული, ცილა და ა.შ. შეიძლება საჭირო გახდეს ინსტრუმენტული გამოკვლევაც. მაგალითისთვის, მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია. ეს ყველაფერი არის პროტოკოლით გაწერილი და ექიმი გამოკვლევებს სწორედ ამის მიხედვით დანიშნავს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში არ არის ის ფონი, რომელსაც სპეციფიკური, ტყვიასთან დაკავშირებული მკურნალობა დასჭირდება. სავარაუდოდ, აქ საკმარისი იქნება კურსი, რომელიც ითვალისწინებს ტყვიისა და კალციუმის პრეპარატებს, მულტივიტამინებს და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა, ეს ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ სპეციალური, მაღალი მგრძნობელობის გამოკვლევებით, როგორიც არის მასპექტრომეტრია ან ატომურ-აბსორბციული ფოტომეტრია.

საქართველოში ტყვიის შემცველობაზე ანალიზი დღეისათვის რამენიმე ლაბორატორიაში კეთდება. ესენია, იაშვილის კლინიკა „მედალფა“, „ნეოლაბი“, „ავერსის კლინიკა“, „მრჩეველი“, „სინევო“, თუმცა შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მომდევნო თვენახევრის განმავლობაში ამ სიას დაემატება სამხარაულის ექსპერტიზის ლაბორატორია, 3 თვის განმავლობაში კი სავარაუდოდ, დაავადებათა კონტროლის ცენტრიც.

 

არის თუ არა შესაძლებელი სისხლში ტყვიის შემცველობის შემცირება ან მისი სრულად გამოდევნა?

შემცირება შესაძლებელია, სრული გამოდევნა კი პირობითი ცნებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ სისხლში ტყვიის მაჩვენებელი ნული უნდა იყოს. ანალოგიურ პოზიციას იზიარებს გაეროს ბავშვთა ფონდი, რომლის წარმომადგენელთა განცხადებით, სისხლში ტყვიის უსაფრთხო შემცველობა არ არსებობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში კი განმარტავენ, რომ მაჩვენებელი ნული იდეალური შემთხვევაა, თუმცა რთულია იპოვო ადამიანი, რომელსაც ტყვიის შემცველობის ნულოვანი მაჩვენებელი ექნება. რაც შეეხება ზღვარს, ესეც ძალიან პირობითია. სულ რაღაც 10 წლის წინ ეს ნიშნული 40 მკგ/დლ-ს შეადგენდა, მერე ოცამდე შემცირდა, შემდეგ კი - ათამდე. დღეს კი სპეციალისტები ამბობენ, რომ სისხლში ტყვიის შემცველობის ზღვარი უკვე 5 მკგ/დლ-ია.

 

რას იწვევს ორგანიზმში ტყვიის დაგროვება?

სპეციფიკური, მხოლოდ ტყვიასთან დაკავშირებული სიმპტომები არ არსებობს, მაგრამ ისინი საკმაოდ მრავალფეროვანია. ეს შეიძლება იყოს ანორექსია, მუცლის ტკივილი, ღებინება, ადვილად აღგზნებადობა და გაღიზიანება. თუმცა ტყვია პირველ რიგში ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. ბავშვი არის გაფანტული, ყურადღების ნაკლებობას უჩივის, კონცენტრაციას ვერ ახერხებს, კითხვა უჭირს, არის ჰიპერაქტიური ან პირიქით და სხვ.

ტყვია ასევე აზიანებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, რამაც შეიძლება რკინადეფიციტური ანემია გამოიწვიოს, არღვევს საშარდე სისტემის ფუნქციონირებას, გარკვეულწილად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, რაც გულისრევაში გამოიხატება. შეიძლება იყოს ზრდაში ჩამორჩენა, წონაში კლება, ქალასშიდა მაღალი წნევა. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ტყვიით ინტოქსიკაციას არ ახასიათებს, მსგავსი სიმპტომები ბევრ სხვა დაავადებასაც აქვს, ამიტომ საჭიროა საფუძვლიანი გამოკვლევები.

 რა ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო?

 

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ტყვიით ინტოქსიკაციის პრობლემა არის მთავრობის კომპლექსური გეგმის ნაწილი. ეს მეთოლოგია აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის გამოცდილებას უფუძნება. სწორედ ამ პროტოკოლით მოხდება დაბინძურების წყაროების მიგნება. ამისათვის კი ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგსა და წყალში კვლევები ტარდება. განსაკუთრებით აქტუალურია ტყვიის შემცველი საღებავის აკრძალვა, რაზეც უწყება მუშაობს. ამ მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები ჩატარებულ კვლევას პრობლემის მოგვარების ერთგვარ წინმსწრებ ღონისძიებად აფასებენ. სპეციალისტები კი მოსახლეობის ინფორმირებულობის გადამწყვეტ მნიშვნელობასა და მოწყვლადი ჯგუფისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

 

როგორია ამ მხრივ საერთაშორისო გამოცდილება?

ტყვიით ინტოქსიკაცია არის საყოველთაო პრობლემა. ეს არ არის აქტუალური მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ გეოგრაფიულ ზონაში ან ამა თუ იმ განვითარების დონის ქვეყანაში. აშშ, გაერთიანებული სამეფო და ავსტრალია ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობენ და სამოდელო ქვეყნებს წარმოადგენენ. თუმცა, არის სახელმწიფოები, რომელთაც მსგავსი კვლევა არც აქამდე ჩაუტარებიათ და არც ახლო მომავალში აპირებენ.