გარეჯს განსაკუთრებული მისია აქვს, ის თავად წერს რჩეული პერსონების და საქართველოს ისტორიას - ლელა რაზიკაშვილი
გარეჯს განსაკუთრებული მისია აქვს, ის თავად წერს რჩეული პერსონების და საქართველოს ისტორიას - ლელა რაზიკაშვილი

A+ A-

12:07 02/05/2019

გასული საუკუნის 80-იან წლებში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აღდგენითი სამუშაოებისთვის ახალგაზრდების ჯგუფი ჩავიდა და ამ თითქოს ჩვეულებრივი მოვლენით, საქართველოს ისტორიის ახალი ეტაპი დაიწყო - საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის ეტაპია!

ქვეყნის ისტორიასთან ერთად, ამ ახალგაზრდების ცხოვრებაც შეიცვალა. მათი ცხოვრება, საქმიანობა, აზრი და ზოგიერთის ბედიც კი სამუდამოდ დაუკავშირდა გარეჯის მონასტრებს. წლების განმავლობაში ისინი დაიფანტნენ სხვადასხვა მიმართულებით, საეკლესიო იერარქიაში, მონასტრებში, მეცნიერებაში, მწერლობაში, კულტურაში და პოლიტიკაშიც, მაგრამ გარეჯის პერიოდი, მათი ბიოგრაფიის მთავარ ნიშნად იქცა. უფრო მეტიც, მათ ცნობიერებაში წარმომავლობის ურბანული და კუთხური დასახელებაც კი შეიცვალა და ისინი თავის თავს და ერთმანეთს "გარეჯელებად" მოიხსენიებენ!

რატომ წავიდნენ დავით გარეჯში, რისი თქმა უნდოდათ მაშინ ქართველ ახალგაზრდებს საბჭოთა ხელისუფლებისთვის და როგორ დაიწყო ეროვნული მოძრაობის ახალი ტალღა სწორედ დავით გარეჯიდან, ამაზე "2020NEWS"-ს ერთ-ერთი "გარეჯელი", ლელა რაზიკაშვილი ესაუბრება.

ლელა რაზიკაშვილი:

"1989  წლის  25 თებერბალს  თბილისმა ტანკებითა და ჯარისკაცებით გადაჭედილი ქუჩებით გაიღვიძა. ქაშუეთის გარშემო ისეთი კორდონი იდგა, რომ ტაძარში შესასვლელად ფრონტის ხაზის გარღვევა გიწევდა კაცს! იცავდნენ სკვერებს და ხალხის თავშეყრის შესაძლო ლოკაციებს.  გასაბჭოების დღე იყო იმ დღეს და შეთანხმებულები ვიყავით სამგლოვიარო ტანსაცმელით გვევლო ქალაქის ქუჩებში. შეკრებაც სამგლოვიარო უნდა ყოფილიყო. ეს იმ პერიოდისთვის პირველი ანტისაბჭოთა მიტინგი იყო და ტანკები და ჯარისკაცებიც არ იყო გასაკვირი.

არ გვეშინოდა-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ იმ დღეს მაინც შავებში გამოწყობილები მოვეფინეთ ქალაქს. უნივერსიტეტის ბაღში, მიტინგზე, ლამის ხელით ვეხებოდით ტანკების მუხლუხებს, ისე ახლოს იდგნენ. აქა-იქ ატეხილი პატარა ჩოჩქოლების მიუხედავად, ის დღე უსისხლოდ დასრულდა, თუმცა საფრთხე იყო ძალიან დიდი. განსაკუთრებით გვაფიქრებდა ის, რომ ჯარებით გამაგრებულ ქალაქში არ იყო არცერთი პასუხისმგებელი პირველი პირი, არც სამხედრო, არც პოლიტიკური მიმართულებით. ამიერკავკასიის ჯარების სარდალმა, გენერალმა როდიონოვმა და ჯუმბერ პატიაშვილმა დილიდან დატოვეს თბილისი და ამალასთან ერთად გარეჯის მონასტერში  წავიდნენ.

როგორც "მოამბე" გადმოცემდა, მონასტრის გარშემო სამხედრო პოლიგონის პრობლემის შესასწავლად და მოსაგვარებლად. ჩვენი აზრით  კი, უფრო იმ დღის გადასაფარად!

 საბჭოთა ხელმძღვანელობის საჩვენებელი ვიზიტი გარეჯში იყო ძალიან სიმბოლური. ერთი მხრივ, ეს იყო ერთგვარი დათმობის ჟესტი და გარეჯის პოლიგონის თაობაზე კომპრომისისთვის მზაობა, მაგრამ მთავარი იყო ის, რომ იმპერიის სარდლობა მივიდა ზუსტად იქ, საიდანაც იღებდა სათავეს უკვე სახიფათოთ აგორებული ეროვნული მუხტი. ეს იყო  აღიარება, რომ გარეჯი არც საქართველოსთვის და არც საბჭოთა ხელისუფლებისთვის, ლოკალური პრობლემა არ იყო!  ისინი  აცნობიერებდნენ და არცთუ უსაფუძვლოდ შიშობდნენ, რომ  ამ მუხტის შედეგად გაჩენილი ბზარი იმპერიის პოლიტიკურ  სხეულზე, თანდათან შეიძენდა ამოუვსებელი  ნაპრალის სახეს...

"გარეჯი ჩვენთვის - ქართველებისთვის, ერთიანი, ძლიერი საქართველოს      ნიშანსვეტია როგორც სულიერი, ასევე კულტურული და ნებისმიერ სხვა ასპექტში. ამიტომაც არ შეიძლება მისი, თუნდაც მცირე ნაწილი დარჩეს ჩვენი აზრის, გულის, შემეცნებისა და ღირსების გარეთ... გარეჯი არის ჩვენი აღზევებისა და დაცემის ადგილი...“ - მოგვიანებით იტყვის ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი, ერობაში არქიტექტორი ირაკლი მახარაძე, რომლის მისვლამ გარეჯში, სამონასტრო ცხოვრების აღდგენას და ახალი თაობის ეროვნულ მოძრაობაში მთავარ აქტორად  შესვლას ერთდროულად დაუდო სათავე. ახალგაზრდა კაცის საქციელი, რომელიც  ღვთის ანაბარად მიტოვებულ, უკაცრიელ უდაბნოში, ერთ ფარღალალა ფინურ ფიცრულში, მეუღლესთან და ორ პატარა შვილთან ერთად სახლდება იმისთვის, რომ მონასტერს და მიტოვებულ საზღვრის მოვლას მოახმაროს თავისი სიცოცხლე, თითქოს ახალი ეპოქის დაწყების ნიშნად და ახალი თაობის მთავარ გამოწვევად იქცა!

მის კვალზე დავტოვეთ სახლები, ავიყოლეთ თანატოლები და ყველას ვაჩვენეთ, რომ დავით გარეჯს ჰყავს პატრონი, ის ჩვენია და ჩვენ მას მოვუვლით!

გარეჯამდე ეროვნული მოძრაობა იყო ლოკალიზებული ცნობილი დისიდენტების გარშემო, თანამოაზრეთა წრეებში. გარეჯის მერე კი ეროვნული მოძრაობა გახდა ახალგაზრდობის, მათი ოჯახების და მთელი საქართველოსი!

ამ გარემოებამ  საქართველოს ისტორიის ერთი თავისებურება გახადა ცხადი.  გარეჯს თითქოს განსაკუთრებული მისია აქვს, მისია თავად დაწეროს საქართველოს ისტორია...

ეს თავისებურება ჩანდა ყოველ ჯერზე, როცა ქვეყნის ისტორიის აღმავალი პერიოდი აიყოლებდა ხოლმე უდაბნოს მოღვაწეებს და ქმნიდა კულტურულ-საგანმანათლებლო ეპოქებს, სამონასტრო ფერწერის უნიკალურ შედევრებს, მწიგნობრობის სკოლებს და ა. შ.

"შენ ხარ ვენახი“, მიწიერი პოლიფონიის ეს საოცრება, სწორედ გარეჯიდან შეუერთდა კოსმოსს...

გარეჯის უდაბნოეთში, კილომეტრებზე განფენილი სამონასტრო ქალაქის მნიშვნელობა იყო იმდენად დიდი, რომ ის იმართებოდა საქართველოს გულიდან. შუა საუკუნეებში გარეჯი ადმინისრტრაციულად მცხეთა-თბილისის ეპარქიას დაუქვემდებარეს, როგორც უკიდურესად საჭირო და სასიცოცხლოდ აუცილებელი საერო და სასულიერო ხელისუფლებისთვის!

შესაბამისად, ქვეყნის განადგურების მოსურნე, ხშირად აქედან იწყებდა ნგრევას....

მე-17 საუკუნის დასაწყისში, აღდგომის ღამეს, უდაბნოს აღდგომის ტაძართან შეკრებილი 6000 ბერის ამოხოცვის ისტორია არ იყო მხოლოდ მტრულად განწყობილი რელიგიური მრწამსის მატარებელი დამპყრობელის  საკრალურ რიტუალი. ეს უფრო ქვეყნის დამორჩილების ეფექტურ ტაქტიკას ჰგავდა, რის მიხედვითაც, გარეჯის სამონასტრო ქალაქის განადგურებით კლავდნენ სახელმწიფოს სულს, რის მერეც მისი სხეულის დამორჩილება, არა სამხედრო ძალის, არამედ  სწორად წარმოებული პოლიტიკის საკითხი იქნებოდა, რასაც ახერხებდნენ  კიდეც მეტ-ნაკლები წარმატებით.

 ბერთუბნის გამოქვაბულების კომპლექსს, სადაც მეთორმეტე საუკუნის უნიკალური კედლის მხატვრობაა და რომელიც დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება, საბჭოთა ოფიცრის სიამაყით სავსე წარწერა "ამშვენებს“- "ეს კედელი ზარბაზნის ზუსტი დამიზნებით მე ჩამოვანგრიე... "

არც ეს შემთხვევაა მხოლოდ სიბრიყვისა და ვანდალიზმის კონკრეტული მაგალითი, ესეც იმპერიის მიერ ქართული სახელმწიფოს მიმართ წარმოებული პოლიტიკის შედეგია, რომლის  უკურეაქციამ იმპერიისთვისვე საბედისწეროდ გააღვიძა ნაციის თვითგადარჩენის ინტიქტი.

ჩვენი თაობის გარეჯში მისვლის დროს, წმინდა უდაბნო ხატავდა ქვეყნის მდგომარეობის ყველაზე ნათელ სურათს. თუ საბჭოთა სოციალური პოლიტიკით ასე თუ ისე დაპურებულ ქვეყანაში და განსაკუთრებით კულტურული აქტივობებით გამორჩეულ ჩვენს დედაქალაქში მარწუხები ნაკლებად იგრძნობოდა, გარეჯი იყო ადგილი, სადაც ბორკილი იდო ზედაპირზე და დაუფარავად!

მთელი  ქვეყანა ისევე იყო ტანკებისა და ზარბაზნების მძევალი, როგორც გარეჯი!

გარეჯი იყო ადგილი, სადაც გადიოდა ფრონტის ხაზი საქართველოს დამოუკიდებლობის იდეასა  და საბჭოთა ჯარებს შორის!  ის იყო ერთადერთი ლოკაცია, სადაც საქართველო პირდაპირ, შუბლით ეხებოდა იმპერიის სამხედრო მანქანას და ბედავდა მასთან დაპირისპირებას! სწორედ ამ ფრონტის ხაზზე აგორებული მუხტი მოედო შემდეგ მთელ ქვეყანას და ეროვნული მოძრაობა იქცა საერთო სახალხო მოძრაობად!

დღეს შეიძლება ბევრისთვის ძნელად გასაგები იყოს, რატომ გვქონდა ე.წ. გარეჯელებს იქაურობის განსაკუთრებული, უფრო ზუსტად, ავადმყოფური სიყვარული. რატომ რჩება გარეჯის პერიოდი ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდ სინათლედ.

ათწლეულების მერე, ჩემეული ვერსია ამ განწყობის ასახსნელად არის ასეთი: ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებდით იმას, რომ ვიმყოფებოდით ცივილიზაციების საზღვართან, კულტურების მიჯნაზე, ვეხებოდით ქრისტიანობის ქვითა და ფუნჯით დაწერილ 15-საუკუნოვან ისტორიას, მაგრამ გარდა ამისა, ამ ადგილს ჰქონდა მიზიდულობის კიდევ ერთი მიზეზი. აქ, ამ ქედებზე, სადაც დავაბიჯებდით ყოველდღე, გადადიოდა საქართველოს დაუზუსტებელი, საბჭოური მიდგომებით პირობითი საზღვარი. აქ, ამ ლოკაციაზე, სიტყვა სამშობლო, რომლის ცვეთის კოეფიციენტზე საზოგადოებაში ხშირად საუბრობენ, იძენდა ძალიან მატერიალურ, თითქოს ხორციელ სახეს. ის ჩანდა, როგორც შენი, საკუთარი და შენი მოსავლელი. დილიდან საღამომდე დავაბიჯებდით ამ საზღვარზე ფიქრით და ვუცქერდით ქვეყნის სხეულს მისი შიდა და გარე გადასახედიდან, საზღვარს აქეთა და საზღვარს იქეთა მიწიდან. მიწის ამ ორივე ნაწილს ეწერა თავთავიანთი თავგადასავალი, აქეთ გადარჩენილის და ჩვენამდე როგორღაც მოღწეულის და იქეთ დარჩენილის, გაყიდულის და წართმეულისაც!

მიწის ეს ორივე ნაწილი არა მარტო გვავალებდა, არამედ გვაძლევდა საშუალებას მოგვევლო, გვეპატრონა და რაღაც ხელშესახები გაგვეკეთებინა მისთვის!

და ჩვენც ვაკეთებდით. არ ვიცი რამდენად პროფესიულად, მაგრამ დილიდან საღამომდე ვმუშაობდით უდაბნოს ყველა კომპლექსში, სადაც მისასვლელი იყო - ლავრაში, ნათლისმცემელში, ვერანგარეჯაში, ბერთუბანშიც კი, აზერბაიჯანის სიღრმეში. გაგვქონდა საუკუნეების ნაგროვები მიწა ტერასებიდან და კელიებიდან, ვასუფთავებდით სენაკებს, ვაგროვებდით ლოდებისა და ქვების სახით მიმოფანტულ მონასტრის ნარჩენებს, დღეში რამდენჯერმე ვურბენდით ლავრას გარშემო და  მარტო ტანკებისა და ჭურვებისგან კი არა,  იქაურობას მოხეტიალე ფერმერების ნახირისგანაც ვიცავდით, რომლებისთვისაც ჩვენი სიწმინდე, კელიები, ტაძრები და მოხატული სატრაპეზოები, ათწლეულების მანძილზე მოსახეხრებელი თავშესაფარი იყო...

ამ შრომაში ასწავლა "გარეჯამ“ თაობას  საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა.

ამ ბრძოლაში ასწავლა "გარეჯამ“ მთელ თაობას საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცობა და აჩვენა, რომ თავისუფლებისთვის ომებს ჯარისკაცებად ქცეული ხალხი იწყებს და აუცილებლად იმარჯვებს.

აქედან აგორებული  მუხტი იქცა იმ ტალღად, რომელმაც სულ მოკლე დროში საქართველოს ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნა!

დიახ, გარეჯის უდაბნოეთი ინახავს ნაციის ენერგიას და მასზე შეხება ისტორიის ახალი ეტაპების გაღვიძების შესაძლებლობებს შეიცავს. როგორი იქნება ეს ახალი ეტაპი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მომზადებულები შევხვდებით ამ პროცესს და როგორ მოვუვლით მას!

დიახ, გარეჯი თავად წერს საქართველოს ისტორიას და ამ ისტორიაში მონაწილე პერსონებს. 

დღეს, გარეჯის გადარჩენის ახალი მოცემულობა ერთი მხრივ აძლევს შანსს მათ, ვისაც ისტორიაში ღირსეულად შესვლის სწრაფვა და რაც მთავარია შესაძლებლობების რესურსი აქვს, მეორე მხრივ კი -  უქმნის საფრთხეს მათ, ვინც დროის და გარეჯის გამოწვევას ვერ დაინახავს!

 ეს რაც ეხება პერსონებს, თავად "გარეჯამ" კი უკვე ჩაწერა თავის დაწერილ ისტორიაში თავისი რჩეულის, თავისი მთავარი პატრონისა და გადამრჩნელის სახელი, რომლის იმედი მას მომავალშიც აქვს და ექნება ყოველთვის! - მისი სახელია ქართველი ხალხი!