ხვალ ეროვნული ბიბლიოთეკაში ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო "გურია“ გაიმართება
ხვალ ეროვნული ბიბლიოთეკაში ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო "გურია“ გაიმართება

A+ A-

×

17:33 09/05/2019

ხვალ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში, საერთაშორისო ფესტივალის "აღდგომიდან ამაღლებამდე" ფარგლებში, ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო "გურია“ გაიმართება. ეროვნული ბიბლიოთეკა წელს პირველად მონაწილეობს ამ უკვე პოპულარულ ფესტივალში, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი იტალიაში მოღვაწე, მსოფლიოში სახელმოხვეჭილი სოპრანო იანო ალიბეგაშვილია, საპატიო სამხატვრო მრჩეველი კი - ალექსანდრე კორსანტია.

ფესტივალის დირექტორები და ორგანიზატორები კი მანანა ხვედელიძე და ირინე სახმბერიძე არიან. ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგეგმილ ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციას ლევან კოღუაშვილისა და გიორგი კეკელიძის ფილმისათვის შექმნილი დოკუმენტური ჩანახატის საპრემიერო ჩვენება გახსნის. საღამოს სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ იქნება ყველაფერი მხოლოდ გურიასა და გურულებზე. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე ამ ულამაზესი კუთხის წეს-ჩვეულებებს, ისტორიასა და მნიშვნელობაზე გიამბობთ.

რეჟისორ ირაკლი მახარაძის ფოტოკოლექციასთან ერთად, დამთვალიერებელი იხილავს მის მიერ შექმნილ ქანდაკებებსა და რეჟისორის მიერ გურულებზე გადაღებული ფილმების ვიდეოინსტალაციას. პირველი ქართული გრავიორის, გრიგოლ ტატიშვილის "ჩართული ანბანის“ ნიმუშების ექსპოზიცია კი ქართული ანბანის სილამაზეს და მრავალფეროვნებას შეგახსენებთ. საღამოს გააერთიანებს და შეავსებს ანჩისხატის მგალობელთა ტრიოს (დავით შუღლიაშვილი, დავით ცერცვაძე, დავით კოლელიშვილი) მიერ შესრულებული სააღდგომო საგალობლები და გურული სიმღერები. ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო "გურია“ 19:00 საათზე დაიწყება.