ბიძინა ივანიშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება
ბიძინა ივანიშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება

A+ A-

14:14 10/05/2019

ბიძინა ივანიშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. როგორც "2020NEWS"-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, "ქართული ოცნების" ლიდერი და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურ კონსულტაციებს გადის.

როგორც ინფორმირებული წყარო აცხადებს, რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადების 2 უმნიშვნელოვანესი გარემოება არსებობს - დასავლეთის ზეწოლა, რომ შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და ქვეყანაში არსებული უმძიმესი ფონი, რომელიც "ქართულ ოცნებას" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამარჯვების არანაირ შანსს არ უტოვებს.

"დასავლეთი ითხოვს 2020 წლის არჩევნები დემოკრატიული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს, ანუ პროპორციული და არა შერეული - პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით. მაჟორიტარული სისტემის გაუქმება კი, "ქართულ ოცნებას" არ აწყობს, რადგან, მაჟორიტარებზე უარის თქმის შემთხვევაში, "ოცნებას" არა მხოლოდ უმრავლესობით მოსვლის, წარმატების შანსიც კი არ აქვს. შესაბამისად, ივანიშვილს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება არ აწყობს. ვადამდელი არჩევნების მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება ის არის, რომ "ქართული ოცნება" ყოველდღე კარგავს მოსახლეობის მხარდაჭერას და მისი რეიტინგი 2020 წლისთვის კატასტროფულად დაბალი იქნება. ეს იცის ივანიშვილმა და ცდილობს, ხელისუფლებაში ყოფნა ვადამდელი არჩევნების გზით გაიხანგრძლივოს", - აცხადებს "2020NEWS"-ის წყარო.

გამორიცხული არ არის, ვადამდელი არჩევნების თარიღი ამ ზაფხულშიც გამოცხადდეს.

"სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციიდან 6-თვიანი ვადა ივნისის შუა რიცხვებში გადის. კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს არჩევიდან 6 თვის და პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე დარჩენილ 6 თვეში პარლამენტის დათხოვნის უფლება არ აქვს. ეს უფლება მისთვის ივნისის შუა რიცხვებიდან "ხელმისაწვდომი" გახდება. დიდი ალბათობით, პარლამენტის დათხოვნის ვადა უახლოეს მომავალში გააქტიურდება. შესაბამისად, ივანიშვილს და ზურაბიშვილს ამ საკითხზე ერთმანეთთან კონსულტაციების გავლა მოუწევთ. პარლამენტის დათხოვნის წინაპირობის შექმნა კი, ივანიშვილს არ გაუჭირდება", - აცხადებს ინფორმირებული წყარო.

ცნობისათვის, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2024 წლიდან იქნება შესაძლებელი.