"არ შეგრჩება ჩემი უმანკო, პატარა ბიჭის სიკვდილი, ისევე როგორც, არ შეგრჩება სხვა დანარჩენი ახალგაზრდების გაუბედურება"
"არ შეგრჩება ჩემი უმანკო, პატარა ბიჭის სიკვდილი, ისევე როგორც, არ შეგრჩება სხვა დანარჩენი ახალგაზრდების გაუბედურება"

A+ A-

18:43 13/05/2019

არ შეგრჩება ჩემი უმანკო, პატარა ბიჭის სიკვდილი, ისევე როგორც, არ შეგრჩება სხვა დანარჩენი ახალგაზრდების გაუბედურება, - ასე პასუხობს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თქვა, რომ რობაქიძის მკვლელობის მსგავსი შემთხვევები ამერიკაშიც ძალიან ხშირია.

“სააკაშვილო, შე მსოფლიო მატყუარა და მასხარა, რა თქმა უნდა, შენს ტყუილებს არც ვკითხულობ და არც ვისმენ, მაგრამ ამ შემთხვევაში არ შემიძლია არ გიპასუხო. ჯერ ერთი, სწორედ რომ შენ გაეცი ბრძანება იმისა, რომ პოლიციელებს ადგილზე, უაპელაციოდ, გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე დაეხვრიტად ხალხი ქუჩებში, იმისთვის, რომ შიში დაგემკვიდრებინა ქვეყანაში, რათა ტერორით და ძალადობით გემართა ქვეყანა. სწორედ ასეც გააკეთე, ტერორით, სიკვდილით, წამებით, გაუპატიურებით მართე ქვეყანა 9 წლის მანძილზე… თუმცა, მაინც ვერ დაგვიმორჩილე და მაინც და დაგამარცხეთ!.. მეორეც ერთი, ჩემთვის, ან გამცემლიძის დედისთვის, ან ვაზაგაშვილის დედისთვის, ან გირგვლიანის დედისთვის და ასე შემდეგ… სამწუხაროდ, ვრცელი სია დაგვიტოვე შენს მიერ გაუბედურებული ადამიანებისა, რა შეღავათი, ამერიკაშიც ხდება ასეთი შემთხვევებიო რომ ამბობ?! – შენს შვილზე თუ ილაპარაკებდი ასე ადვილად ნეტავ? წყეულიმც იყავ, სააკაშვილო, წყეულიმც იყავ! დარწმუნებული ვარ, უფალი მწარედ მოგთხოვს პასუხს ამდენ სისხლზე და აუცილებლად მოიმკი იმას, რაც დათესე!..

არ შეგრჩება ჩემი უმანკო, პატარა ბიჭის სიკვდილი, ისევე როგორც, არ შეგრჩება სხვა დანარჩენი ახალგაზრდების გაუბედურება. ფლორიდაში სასახლეების ყიდვა ვერ გიშველის”, – წერს მეტრეველი.

შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

გამოძიების მაშინდელი ვერსიით, რობაქიძეს სამართალდამცავებმა ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის დაკავებისას ესროლეს. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.