მთავარმა პროკურატურამ პარლამენტს 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
მთავარმა პროკურატურამ პარლამენტს 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

A+ A-

12:08 15/05/2019

ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისათვის 2015-2016 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 11 პირის მიმართ, 2017-2018 წლებში 3 პირის მიმართ.

რაც შეეხება მთლიანად ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებს, 2018 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ, აქედან 7 პირის მიმართ უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო ერთი პირის მიმართ მიმდინარებს საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში. ამის შესახებ პროკურატურის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

„საქართველოში, როგორც ახლო აღმოსავლეთის მოსაზღვრე რეგიონში აისახა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული მოვლენების გავლენა. სამწუხაროდ მან საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა შეიძინა, რომლებიც თურქეთის გავლით გადადიოდნენ სირიაში ე.წ. „ისლამური სახლემწიფოს“ კონტროლირებად ტერიტორიაზე და იბრძოდნენ მის რიგებში.

მიუხედავად იმისა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენა მნიშვნელოვნად შემცირებულია, მისგან გამომდინარე ნეგატიური პროცესები დღესაც უარყოფითად მოქმედებს ანტიტერორისტული მიმართულების კუთხით. ჩვენს წინაშე წარმოიშვა ტერორისტული მიზნებისთვის, როგორც საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გამგზავრების, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოს ტეროტირიის სატრანზიტო მიზნით შესაძლო გამოყენების პრობლემა. ამ კატეგორიის დანაშაულთა ანალიზმა ცხადყო, რომ ტერორიზმის იდეოლოგიის პროპაგანდა და განმტკიცება, ხდება ინტერნეტის, სოციალური ქსელების და სხვადასხვა გზების მეშვეობით.

რიგ შემთხვევაში ამავე ხერხით ხდება ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისაკენ მოწოდებაც. საქართველოს პროკურატურის და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადაიდგა. მოხდა ზმეოთხსენებული საქმიანობით დაკავებულ პირთა ქმედებების სამართლებრივი შეფასება და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებამ“, - აღნიშნულია პროკურატურის ანგარიშში.

პროკურატურის ინფორმაციით, მნიშვნელოვნად შემცირდა პირთა მიგრაცია როგორც ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოში“. ასევე სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებში. შემცირდა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერთა რაოდნეობაც და საქართველოში მათი გავლენები მნიშვნელოვნად შესუსტდა.