2018 წელს ოჯახური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 3955 პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო
2018 წელს ოჯახური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 3955 პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

A+ A-

×

12:58 15/05/2019

პროკურატურის ანგარიშის თანახმად, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობა გაიზარდა. თადუმაძის უწყების ინფორმაციით, 2018 წელს ოჯახური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დევნა დაიწყო 3955 პირის მიმართ, რაც გასულ წელთან შედარებით 99%-იანი ზრდის მაჩვენებელია.

2018 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ დევნის დაწყების მაჩვენებელი.

"საქართველოს პროკურატურისთვის კვლავ პრიორიტეტს წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც ასევე აისახება მსხვერპლთა მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობის გაზრდაშიც. პროკურატურის მიერ ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ კვლავ ხორციელდება მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა. გაზრდილია პროკურორთა მიერ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი.

კერძოდ, ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობებიდან 2018 წელს პატიმრობა მოთხოვნილი იქნა 91%-ის მიმართ, რაც 2017 წელთან მიმართებაში ზრდის მაჩვენებელია. გარდა ზემოაღნიშნულისა, შემცირდა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მაჩვენებელი.

2018 წელს საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ოჯახური დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა 12%-ის მიმართ, რაც 2017 წელთან შედარებით მკვეთრად კლების მაჩვენებელია“, - ნათქვამია პროკურატურის ანგარიშში, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი.