"ზუგდიდში ქართული ოცნება არჩევნებს იგებს" - ირაკლი ჩიქოვანი
"ზუგდიდში ქართული ოცნება არჩევნებს იგებს" - ირაკლი ჩიქოვანი

A+ A-

14:00 15/05/2019

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი საოლქო საარჩევნო კომისიის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

მისი განმარტებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს. მისი თქმით, არცერთი ნორმატიული აქტი არ დარღვეულა.

საზოგადოება ნათლად ხედავს იმას, რომ არის მცდელობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოახდინონ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია, ძალიან კონკრეტული განმარტებები გააკეთა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომ არც ერთი ნორმტიული აქტის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და საოლქო კომისია მოქმედებდა რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებით. თუმცა იმისთვის, რომ არ იყოს რაიმე სახის შეკითხვა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ხელახლა დაამზადებენ ბეჭდებს და ხელახლა გადაუგზავნიან უბნებს. მე ვთვლი, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი პრობლემა, ნათელია რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს იგებს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს ცდილობს ამ დღეებში, რომ დისკრედიტაცია მოახდინოს საარჩევნო პროცესის”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი მოუწოდებს ყველას შეინარჩუნოს სიმშვიდე და არ აყვეს „ნაციონალური მოძრაობის“ უსაფუძვლო აჟიოტაჟს.

„მოვუწოდებთ ყველას, ძალიან მშვიდად შეხვდნენ ამ პროცესებს. ის აჟიოტაჟი, რომელსაც ტეხავს „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ და ისევ განპირობებულია იმით, რომ გვაქვს უშინაარსო და უშედეგო კამპანია მათი მხრიდან. შესაბამისად, ისინი მხოლოდ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციით არიან დაკავებული. ჩვენს შტაბს ჰყავს იდენტიფიცირებული ჩვენი მხარდამჭერები, ჩვენ ნათლად ვხედავთ რომ ამ არჩევნებს დამაჯერებლად ვიგებთ და 19 მაისს ვიზეიმებთ გეგა შენგელიას გამარჯვებას. ჩვენ გავაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც აქტიურ ფაზაშია და სულ უფრო მეტი ადამიანი გვიერთდება და მხარს უჭერს გეგას. ასე, რომ აქ საუბარი იმაზე, რომ რაიმე ფორმით ჩვენ შეიძლება გვქონდეს რაიმე დაბრკოლებასთან ადგილი არის უსაფუძვლო”, – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციისკენ მიმართული პოლიტიკური ძალაა და აქედან გამომდინარე, მიუხედავად მათი მონდომებისა, ზუგდიდში მათ მიერ ჩამოყვანილი ადამიანები ვერ შეძლებენ ამ ქალაქში არეულობის შემოტანას.