გასულ წელს 16 343 ადამიანი გაასამართლეს
გასულ წელს 16 343 ადამიანი გაასამართლეს

A+ A-

14:33 15/05/2019

გასულ წელს 16 343 ადამიანი გაასამართლეს. აქედან, 65,8 პროცენტზე განაჩენი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამოიტანეს, ხოლო 34,2 პროცენტის მიმართ საქმე არსებითად იქნა განხილული, - ამის შესახებ აღნიშნულია მთავარი პროკურატურის 2018 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს გაზრდილია გამოძიების ადრეულ ეტაპზე საპროცესო შეთანხმების მაჩვენებელიც. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2018 წელს პირველი წარდგენის სხდომაზე, საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა 57,4 პროცენტის შემთხვევაში, ხოლო არსებითი განხილვის სხდომაზე 28,2 პროცენტის შემთხვევაში.

ამას გარდა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ გამამართლებელი განაჩენის დიდი ნაწილი გამოტანილ იქნა ოჯახური და საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე. კერძოდ, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლით დაკვალიფიცირებულ საქმეზე გამართლდა 123 პირი, ხოლო ქურდობის ფაქტზე - 30 პირი.

„საპროცესო შეთანხმების დადებისას სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენების მაჩვენებელი 2018 წელს წინა წელთან შედარებით გაზრდილია. 2018 წელს ჯარიმა გამოყენებულ იქნა 47,7 პროცენტის შემთხვევაში.

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების დადებისას სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის ოდენობას, 2018 წელს გამოყენებული ჯარიმების რაოდენობა 19 886 587 ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით ზრდის მაჩვენებელია.

საპროცესო შეთანხმების გაფორმების სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 2018 წელს გამოყენებული იქნა 16,5 პროცენტის შემთხვევაში”, – აღნიშნულია დოკუმენტში.