ქვეყანაში სიღარიბის დონე ძალიან მაღალია - ქობულია
ქვეყანაში სიღარიბის დონე ძალიან მაღალია - ქობულია

A+ A-

×

14:34 15/05/2019

"ქვეყანაში სიღარიბის დონე ძალიან მაღალია, მაღალია ასევე რეალური უმუშევრობის მაჩვენებელი”, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში მისი 8 თვიანი ანგარიშის და ეკონომიკური ხედვების წარდგენისას განაცხადა.

ქობულიას თქმით, საქართველოში ყველაფრის იმპორტი ხდება და არაფერს ვაწარმოებთ ექსპორტისთვის, რაც ქვეყანის ეკონომიკისთვის მძიმეა.

"როგორც ჩვენ ვხედავთ, სიღარიბის დონე ძალიან მაღალია. მაღალია ასევე რეალური უმუშევრობის მაჩვენებელი. საჭიროა, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის ტემპის მომატება, რაც ეკონომიკის ზრდის მეტ ტემპს გულისხმობს და ამავე დროს მეტ ინკლუზიურობას. განსაკუთრებით რეგიონების განვითარების კუთხით.

ჩვენ ეკონომიკაში ვაჭრობაზე საექსპორტო პოტენციალის შექმნა ამ ზრდის მამოძრავებელი ძალა უნდა გახდეს. იმიტომ, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან მცირეა. საქართველს ეკონომიკა მუდმივად შინაგანი მოთხოვნის საფუძველზე ვერ გაიზრდება. ჩვენ თუ საქონელი ექსპორტზე არ გავიტანეთ, ზრდა ლიმიტირებული იქნება,“ - განაცხადა ქობულიამ.

შეგახსენებთ, 18 აპრილს გიორგი ქობულიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი დატოვა, როგორც ქობულიამ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ არსებობდა გარკვეული ბარიერები, რის გამოც, ის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საჭირო გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა.

სწორედ ამის გათვალისწინებით, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა საკომიტეტო სხდომაზე გიორგი ქობულიას თავისუფალ ფორმატში მოსმენის საკითხი დააყენეს. დღევანდელ საკომიტეტო მოსმენას საპარლამენტო უმრავლესობიდან მხოლო სამი დეპუტატი ზაზა ხუციშვილი, შოთა შალელაშვილი და ბიძინა გეგიძე ესწრებიან.