"მქონდა სრული შეთანხმება იმაზე, რომ არ ვიმუშავებდით სხვადასხვა წესებით, მაგრამ ეს ყველაფერი არ გამართლდა"
"მქონდა სრული შეთანხმება იმაზე, რომ არ ვიმუშავებდით სხვადასხვა წესებით, მაგრამ ეს ყველაფერი არ გამართლდა"

A+ A-

×

16:12 15/05/2019

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ირწმუნება, რომ მას ბევრზე კარგად ესმის, რა არაფორმალური თამაშის წესები შეიძლება არსებობდეს საქართველოში.

გიორგი ქობულიას განცხადებით, სანამ თანამდებობას დაიკავებდა, ჰქონდა მოლაპარაკება, რომ არაფორმალური თამაშის წესებით არ იმუშავებდნენ, თუმცა ეს შეთანხმება არ გამართლდა.

“ძალიან კარგი აღქმა მაქვს საქართველოს რეალობის. დამერწმუნეთ, ბევრზე უკეთესად მესმის რა არაფორმალური თამაშის წესები შეიძლება არსებობდეს. ამ არაფორმალურ თამაშის წესებზე მე მქონდა ძალიან ღია მოლაპარაკება, სანამ ამ თანამდებობას დავიკავებდი და მქონდა სრული შეთანხმება იმაზე, რომ ჩვენ არ ვიმუშავებდით სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა წესებით, მაგრამ ეს ყველაფერი არ გამართლდა. რაღაც გამონაკლისები მოხდა სამწუხაროდ“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

შეგახსენებთ, 18 აპრილს გიორგი ქობულიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი დატოვა, როგორც ქობულიამ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, არსებობდა გარკვეული ბარიერები, რის გამოც, ის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საჭირო გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა სწორედ ამის გათვალისწინებით, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა საკომიტეტო სხდომაზე გიორგი ქობულიას თავისუფალ ფორმატში მოსმენის საკითხი დააყენეს.