არჩევნების გაყალბება ელექტრონული კენჭისყრითაც ძალიან იოლია - მამუკა კაციტაძე
არჩევნების გაყალბება ელექტრონული კენჭისყრითაც ძალიან იოლია - მამუკა კაციტაძე

A+ A-

16:44 15/05/2019

ინტერვიუ "ახალი მემარჯვენეების" ლიდერთან,  მამუკა კაციტაძესთან 

19 მაისს შუალედური არჩევნებში 8 საარჩევნო უბანზე ხმების ელექტრონულად დათვლა მოხდება. “2020NEWS” არჩევნების საკითხებში ექსპერტს, "ახალი მემარჯვენეების" ლიდერს,  მამუკა კაციტაძეს ესაუბრა.

- ბატონო მამუკა, ცესკო 19 მაისის შუალედურ არჩევნებში, 8 საარჩევნო უბანზე ელექტრონული კენჭისყრის სისტემას დატესტავს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ელექტრონული კენჭისყრის დადებითი და უარყოფითი მხარეები რა არის?

- საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით საკმაო გამოცდილება დამიგროვდა.  ამომრჩეველთა სიებიდან დაწყებული, ხმის მიცემით დამთავრებული. 2012 წელს მე სახელმწიფო კომისიას ვხელმძღვანელობდი, რომელმაც საარჩევნო სიების დაზუსტება განახორციელა, მას შემდეგ საქართველოში ამომრჩეველთა სიების პრობლემა დასრულდა. შეიძლება ცალკეული ხარვეზები არსებობდეს, მაგრამ თემა, რომლის ნიადაგზეც საქართველოში “ვარდების რევოლუცია“ მოხდა, რომელიც სიების გამო დაიწყო, სწორედ 2012 წელს დამთავრდა.

ჩვენ წლების განმავლობაში ვიბრძოდით იმისათვის, რომ საქართველოში ყოფილიყო ბიომეტრიული პარამეტრებით შექმნილი საარჩევნო სია, რაც დღესაც არ არის. ეს მაშინაც ხელისუფლების დაუთანხმებლობის თუ შეუთანხმებლობის  გამო ვერ მოხერხდა.

მას შემდეგ უკვე 7 წელი გავიდა და რეალურად, ვერ მივიღეთ ბიომეტრიული პარამეტრებით შექმნილი სია, რომელშიც, გარდა ბიომეტრიული ფოტოსურათებისა, ელექტრონული ხელმოწერების, თითის ანაბეჭდების და სხვა ბიომეტრიული პარამეტრების თანდართვით ჩატარდებოდა არჩევნები. ეს იმისთვის, რომ სრულყოფილი ელექტრონული კენჭისყრა ჩაატარო. როცა ვსაუბრობს ელექტრონულ ხმის მიცემაზე, ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის დადებითი და პოზიტიური. 21-ე საუკუნეში ცოტა სირცხვილიც კია, რომ ვისაუბროთ გვინდა თუ არა, კარგია თუ არა ბიომეტრიული პარამეტრებით ამომრჩეველთა სიის შექმნა და აქედან გამომდინარე, შემდეგ უკვე ელექტორნული კენჭისყრა. თანამედროვე მსოფლისათვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, რუსეთშიც კი ელექტრონული კეჭისყრით ტარდება არჩევნები მაგრამ თუ დამცავი მექანიზმები სრულფასოვნად არ იქნა გათვალისწინებული,  შედეგების  გაყალბება  ძალიან იოლია.

პროცესი, რომ სრულყოფილი იყოს ჯერ უნდა გაკეთდეს ბიომეტრიული პარამეტრებით ამომრჩეველთა სია და განხორციელდეს ელექტრონული  კენჭისყრა, მაგრამ ბიომეტრიული პარამეტრებით შექმნილი სიაც რომ არ არსებობდეს, ელექტრონული კენჭისრის ჩატარება მაინც შესაძლებელი იქნება.

 ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, ოღონდ აქ არსებობს დამცავი მექანიზმები.  დამცავი მექანიზმების გათვალისწინების გარეშე, ელექტრონული კენჭისყრა შეიძლება პირიქით შემობრუნდეს და გაცილებით მარტივი იყოს მანიპულაცია და გაყალბება. შეიძლება ერთ ოთახში, ერთ კომპიუტერთან დასვა ადამიანი და  ეს ყველაფერი დამცავი მექანიზმის გარეშე აწარმოოს. 

- ანუ, სერიოზულ საფრთხეებსაც შეიცავს.

- ელექტრონული კენჭისყრა თავისი სტარდარტებითა და  მექანიზმებით არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ობიექტური და მთელი დემოკრატიული მსოფლიოსათვის ჩვეულებრივი ამბავი. ის რაც საწვალებელი აქვთ ხელისუფლებებს უბნებში გაყალბების თვალსაზრისით, ძალიან მარტივად შეიძლება ელექტრონული კენჭისყრის პირობებშიც ერთი ოთახიდან მოხდეს, სადაც შეიძლება ელექტრონულად რაღაც-რაღაცეები არიო.  ელექტრონულ კენჭისყრას აქვს თავისი ფორმა, მეთოდი და თავისი დამცავი მექანიზმები, ეს ყველაფერი ერთი ცენტრალური წერტილიდან  კონტროლზე უნდა იყოს აყვანილი. იმ ცენტრალურ წერტილს  კი, თავის მხრივ, მაკონტროლებელის სახით, სხვადასხვა  პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალები უნდა მეთვალყურეობდნენ. გარდა ამისა, სხვა ბევრი ფაქტორი არის გასათვალისწინებელი. 

თუ მყარი დამცავი მექანიზმები გვექნება,  ყველაფერი რასაც ხელისუფლება არჩევნების ხმების გასაყალბებლად აწარმოებს, ისტორიას დარჩება და გადავალთ ცივილიზებულ ფორმებზე.

როგორც აღვნიშნე, ელექტრონული კენჭისყრა კარგია, მაგრამ თავის თავში რისკებსა და გამოწვევებს მოიცავს. ეს რისკები და გამოწვევები, რომ გავანელოთ საჭიროა კომპლექსურად განვახორციელოდ დადგენილი ნორმებითა და მეთოდებით.

- ბატონო მამუკა, ეს პროცესი დაგვიანებული ხომ არ არის?

- დაგვიანებულია. საწყის ეტაპზე ელექტრონული კენჭისყრა კარგია, მაგრამ ამ ტესტებით როდის მივალთ 3740 უბანზე წარმოგიდგენიათ? ტემპები გვაქვს ნულოვანი. მოკლედ ეკონომიკას გავს ჩვენი ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი.