პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავის პრინციპებს არ ღალატობს - ბიძინა გეგიძე
პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავის პრინციპებს არ ღალატობს - ბიძინა გეგიძე

A+ A-

19:04 15/05/2019

"მე პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავის პრინციპებს არ ღალატობს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ "2020NEWS"-ს პარლამენტში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას მოსმენის შემდეგ განუცხადა.

როგორც ბიძინა გეგიძე ამბობს, ის შეხვედრაზე გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზების მოსასმენად არ მისულა. მას აინტერესებდა ქვეყნის ეკონომიკასთან დაკავშირებით ყოფილი მინისტრის ხედვები.

"რაც შეეხება თანამდებობიდან გაშვებას, სიმართლე გითხრათ, მაგის მოსასმენად არ მივსულვარ. მე უფრო მაინტერესებდა ეს ადამიანი, როგორც მენეჯერი. გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ჩემთვის საკმარისი იყო ყველა ის განცხადება, რომელიც მან გააკეთა.

თქვა, რომ არის პრინციპების მატარებელი. მე პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავის პრინციპებს არ ღალატობს. მან ამ პრინციპებს არ უღალატა და გაათავისუფლეს“, - აღნიშნა ბიძინა გეგიძემ.

დეპუტატისთვის ეკონომიკასთან დაკავშირებით გიორგი ქობულიას ხედვა საინტერესო იყო. თუმცა, გეგიძე აქვე ამბობს, რომ ქობულიას ხედვასა და მთავრობის მიერ გამოცხადებულ პრიორიტეტებს შორის პრინციპული განსხვავება არ ყოფილა. "საინტერესო იყო, როდესაც ის ენერგეტიკაზე ლაპარაკობდა.

მან თქვა, რომ ენერგეტიკაში უნდა შეიკრას აზერბაიჯანი-რუსეთი-საქართველოს რგოლი, რაც სერიოზული დივიდენდების მომტანია, დაწყებული ტარიფებით, სტაბილურობიდან გამომდინარე და ა.შ. მაინტერესებდა მას ჰქონდა თუ არა მთავრობისთვის ეს ინიციატივა მიწოდებული, რომ ენერგეტიკაში ეს რგოლი შეკრულიყო. მან თქვა, რომ ჰქონდა მიწოდებული“, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ სააგენტოსთან საუბრისას.

საბოლოო ჯამში, ბიძინა გეგიძე ამბობს, რომ შეხვედრით კმაყოფილი დარჩა. "საინტერესო სამი საათი გავატარეთ. ძალიან კარგი ფორმატი იყო, კითხვებიც კარგი იყო“, - აღნიშნა დეპუტატმა.