სოფელ საკირეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია
სოფელ საკირეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია

A+ A-

00:02 16/05/2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 150-მდე მეხანძრე-მაშველისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს 30-მდე მეტყევის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

უწყების ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში თბილისის, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების მეხანძრე-მაშველები და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები არიან ჩართული.

ამ დროისათვის, არასაკმარისი ხილვადობის გამო, ვერტმფრენმა ხანძრის კერებზე წყლის დასხმა შეწყვიტა. საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ცეცხლის ლიკვიდაციის მიზნით მუშაობას  დილიდან განაახლებს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ცეცხლის ორივე კერასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩება ცოცხალი ძალა, რომელიც  ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს.

„ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია. მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩება 100-მდე მეხანძრე-მაშველი. დილიდან ვერტმფრენი გააგრძელებს მუშაობას. რელიეფის გამო, ერთ ლოკაციაზე ვერტმფრენის ჩართვა გახდა საჭირო. ცეცხლი ეკიდა ქვედა საფარს. ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს“, – განაცხადა შსს-ს საგანგებო სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანდრე ქუჯაიძემ.