ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

A+ A-

×

10:22 16/05/2019

ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

მისივე ცნობით, გამთენიისას მუშაობა განაახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმაც. საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 30-მდე მეტყევე.

„მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მიმდინარეობდა ტერიტორიის მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებები. ამ დროისათვის, ტყეში ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია. პირველადი ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების არეალმა ჯამში დაახლოებით 3,5 ჰა შეადგინა. ამ დროისათვის, ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება“, – აცხადებენ  საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

უწყების ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან ერთად, ცოცხალი ძალა ინტენსიურად ახორციელებს ტერიტორიის დამუშავებასაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.