“ოცნება“ ქობულიას გარკვეულ კომპენსაციას შეჰპირდა და გადააგდო - ხუხაშვილი
“ოცნება“ ქობულიას გარკვეულ კომპენსაციას შეჰპირდა და გადააგდო - ხუხაშვილი

A+ A-

13:00 16/05/2019

"გიორგი ქობულიას "ქართული ოცნება“ გარკვეული სახის კომპენსაციის გადახდას შეჰპირდა, რომლის განაღდებაზეც ახლა უარს ეუბნებიან. რა შეიძლება იყოს აღნიშნული დივიდენდი, მატერიალური თუ არამატერიალური, ამჟამად ვერ გეტყვით.

არც იმას გამოვრიცხავ, რომ მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებამ გადააგდო, აღნიშნულზე თავად ისაუბროს. ასე, რომ მხიარული ცხოვრება გველოდება“,- აღნიშნა “2020NEWS”-თან პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.

ხუხაშვილი იმასაც აცხადებს, რომ ეკონომიკის ექსმინისტრის პოლიტიკოსობის ნაკლებად სჯერა.

- ბატონო გია, გუშინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებულმა გიორგი ქობულიამ ხელისუფლება ნეპოტიზმში ამხილა და პირდაპირ განაცხადა, რომ სახელმწიფო კომპანიები მიკერძოებული გარიგებების ბუდეს წარმოადგენენ. როგორ ფიქრობთ, ქობულიას ასეთი გახსნილობა რით არის განპირობებული? მისი სტრატეგია "ქართული ოცნებისადმი“ შურისძიებას ისახავს მიზნად?

- პირველ ყოვლისა, ამ ეტაპზე გიორგი ქობულიას ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ის არის, რომ საკუთარი რეპუტაცია გადაარჩინოს. ვფიქრობ, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლა ხელისუფლებასთან გარკვეულწილად დაკონტრაქტებული იყო. არადამაჯერებლად მეჩვენება ის ვერსია, რომ საქართველოში ჩამოსაყვანად ხელისუფლებას ქობულიასთვის კიდევ რაღაც დამატებით დეივიდენტი არ შეეთავაზებინა, გარდა იმისა, რასაც მინისტრის ხელფასი ჰქვია. დიდი ალბათობით, ქობულიას ხელისუფლება გარკვეული სახის კომპენსაციის გადახდას შეჰპირდა, რომლის განაღდებაზეც ახლა უარს ეუბნებიან. რა შეიძლება იყოს აღნიშნული დივიდენდი, მატერიალური თუ არამატერიალური, ამჟამად ვერ გეტყვით. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებამ გადააგდო, აღნიშნულზე თავად ისაუბროს. ასე, რომ მხიარული ცხოვრება გველოდება.

- ჩვენი ინფორმაციით, გიორგი ქობულიას, რომელთანაც თანამშრომლობის სურვილი "ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ გამოხატა, პოლიტიკაში მოსვლა უკვე გადაწყევტილი აქვს. თქვენი მოსაზრებით, ქართულ რეალობაში “ოცნებისგან“ დაწუნებული ექს-მინისტრის პოლიტიკური მომავალი, რამდენად წარმატებული იქნება?

- პოლიტიკაში მოსვლა გიორგი ქობულიას კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ მე იმ ყოფილი მინიტრების არ მჯერა, რომლებიც ნახევრად სიმართლეს ლაპარაკობენ. როცა რაღაცას ამბობ და რაღაცას არა, ეს უფრო ვაჭრობას ემსგავსება. გიორგი კვირიკაშვილის, გიორგი ქობულიას და ზოგადად, არავის პოლიტიკოსობის არ მჯერა. მიუხედავად იმისა, რომ ქობულია ახლა ჯანსაღ პოზიციაზეა.

- ზუგდიდში, სადაც წინასაარჩევნოდ ოპოზიციისა და “ოცნების“ წარმომადგენლებს შორის განვითარებული მოვლენები მწვავე ესკალაციის სახეს იღებს, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის მასშტაბური ფაქტები ფიქსირდება. იმის გათვალისწინებით, რომ "ქართული ოცნება“ ხელისუფლების დათმობას მარტივად არ აპირებს და არჩევნების მოგებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი, რასაც ზუდიდშიც განვითარებული მოვლენებიც აჩვენებს, ასეთ ფონზე, კიდევ უფრო ხომ არ მყარდება ეჭვი იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად ემზადება?

- არამგონია, რომ "ქართული ოცნება“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად ემზადებოდეს. ამ საკითხზე "ქართულ ოცნებაში“ შეიძლება ლაპარაკი მიმდინარეობდეს, მაგრამ იმ ფონზე, როცა ყოველი ხელისუფლების წარმომადგენლებისთის კაბინეტში გატარებული ყოველი დღე სულზე უტკბესია, 2020 წლამდე მმართველი პარტიის წარმომადგენელბი ქვეეყნის მართვის სადავეებს არ დათმობენ. მათთვის ისიც საკმარისია, რომ ისეთ გაუგებრობაში მოხვდნენ, როგორიც თანამდებობების დაკავება ჰქვია.

- ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას მეუღლემ, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ პოლიტიკური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას“ კანდიდატს, სანდრა რულოვსს მოღალატე უწოდა და მწვავედ გააკრიტიკა. როგორ ფიქრობთ, პირველი პრეზიდენტის მეუღლის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა ნიშნავს იმას, რომ ის მმართველი პარტიის მიერ მთავარ პოლიტიკურ იარაღად არის გამოყენებული?

- ასეთია გამსახურდიას მეუღლის პოზიცია და მის განცხადებას ვერანაირად ვერ შევაფასებ. ამ ადამიანის განცხადება, რით შეიძლება იყოს განპირობებული, ამის შესახებაც არ ვისაუბრებ. მხოლოდ და მხოლოდ ვიტყვი იმას, რომ არჩევნებში მანანა არჩვაძე-გამსახურდიას სიტყვებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

ავტორი : ეკატერინე ზარნაძე