გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება დადასტურდა - პროკურორი
გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება დადასტურდა - პროკურორი

A+ A-

×

13:44 16/05/2019

გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება დადასტურდა, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა.

პროკურორის განცხადებით, დღეს საგამოძიებო უწყებამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. მისივე თქმით, საქმეში წარმოდგენილია ვიდეო მტკიცებულება, რაც ნებიერიძის მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტს ასახავს.

ასევე ამოღებულია სპერმა, (ბიოლოგიური მასალა) რომელიც მოკლული ბავშვის სხეულზე დაფიქსირდა.

"სასამართლოს წინაშე გამოკვლეული იქნა არამხოლოდ ვიდეომასალა, არამედ ფოტომასალაც - ექპერტიზის დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, აღნიშნულ ქმედებაში იაგო ნებიერიძის ბრალი. ეს მასალა ექსპერტიზის შედეგად, იაგო ნებიერიძის მობილური ტელეფონიდან იქნა აღდგენილი. ჩანაწერში დაფიქსირებულია გარდაცვლილი ნანიკო ბერიაშვილი, ქმედება რომელსაც იაგო ნებიერიძე მასთან მიმართებაში ანხორციელებს და საუბარი. ეს არის იაგო ნებიერიძის მიერ გადაღებული ჩანაწერი.

ის ამის გადაღებას მობილური ტელეფონიდან ახდენდა, მაგრამ დაკავებამდე წაშალა. აღნიშნული ჩანაწერის აღდგენა, როგორც უკვე მოგახსენეთ, ექსპერტიზის ფარგლებში იქნა შესაძლებელი გადაღების საათის და რიცხვის მიხედვით. ექპერტიზის მიხედვით, ხმა რომელიც ვიდეოში საუბრობს, ნამდვილად იაგო ნებიერიძისაა", - განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.

დღეს საქმეზე ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ სასამართლოს ჩვენება არ მისცა. როგორც გუგუტიშვილი განმარტავს, მისი დაკითხვის შუამდგომლობის დაყენება დაცვის მხარეს დღესაც შეეძლო, თუმცა, ადვოკატმა ნებიერიძის დაკითხვაზე უარი განაცხადა.

ცნობისთვის, 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი გასული წლის 25 ოქტომბერს მდინარე ლიახვის ნაპირას მოკლული იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავა, რამდენიმე დღეში კი, ბრალი დაუმძიმდა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.