აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა
აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა

A+ A-

×

14:26 16/05/2019

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა, რომელიც ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მამა-შვილი სკრიპალების მოწამვლას უკავშირდება.

"დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ანდრეა თომპსონმა სენატის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დემოკრატი სენატორის რობერტ მენენდესის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პოლიტიკოსმა მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, ამ დრომდე თუ რატომ არ მოხდა ახალი სასანქციო ზომების მიღება აშშ-ის კონგრესის მხრიდან. თომპსონის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტში სანქციები გააანალიზეს, გადაიდგა პირველი ნაბიჯები მისი იმპლემენტაციისთვის და შესაბამისი ინფორმაცია გადაეგზავნა სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. მანვე დასძინა, რომ საჯარიმო ზომების პაკეტის მიღების შესახებ გადაწყვეტილება - ეს არის რუსეთთან დაკავშირებით ამერიკის გაცილებით ფართო სტრატეგიის ნაწილი.

შეგახსენებთ,  სერგეი და იულია სკრიპალები 2018 წლის  4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული იარაღით მოწამლეს. პოლიციის ვარაუდით ისინი საკუთარ სახლში მოიწამლნენ. რუსული წარმოშობის მომწამლავი ნივთიერების, "ნოვიჩოკის" ყველაზე დიდი შემცველობა ამ დრომდე სწორედ მათი სახლის კარზეა აღმოჩენილი.

იულია სკრიპალი აპრილში, ხოლო სერგეი სკრიპალი 18 მაისს გაწერეს საავადმყოფოდან.

სკრიპალების მოწამვლაზე პასუხისმგებლობა ლონდონმა მოსკოვს დააკისრა, რასაც კრემლში ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფენ.

მათი მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

150-მდე რუსი დიპლომატი გააძევეს სხვადასხვა ქვეყნიდან, რასაც რუსეთმა იმავე რაოდენობის დიპლომატების გაძევებით უპასუხა.